"რუსთავი 2 იყო არა ლოგოს, ბრენდისა და შენობების, არამედ, იმ ადამიანების ძალისხმევით შექმნილი ერთობა, რომლებიც ქმნიდნენ მის შინაარსს და, ამით, ქვეყნის ისტორიასაც",ასე ეხმაურებიან რუსთავი 2-ის ყოფილი მფლობელები, ძმები ლევან და გიორგი ყარამანაშვილები ტელეკომპანიიდან თანამშრომლების წასვლას. განცხადების თანაავტორია, ასევე, ტელეკომპანია საქართველოს ერთ-ერთი მფლობელი, ნიკოლოზ ნაყოფია.

"გვინდა მადლობა გადავუხადოთ ყველას, ვინც წლების განმავლობაში დაუღალავად და თავდაუზოგავად შრომობდა, რათა რუსთავი 2 ყოფილიყო თავისუფლებისა და დემოკრატიის დაცვასთან ასოცირებული, ლიდერი კომპანია ქართულ სატელევიზიო ბაზარზე.

გუშინ თქვენ მთელ საქართველოსა და საერთაშორისო თანამეგობრობას კიდევ ერთხელ აჩვენეთ გაუტეხლობის, პატრიოტიზმის, პროფესიისადმი ერთგულებისა და, ყოველგვარი გაზვიადების გარეშე, სამოქალაქო გმირობის მაგალითი. გვჯერა, სადაც არ უნდა გააგრძელოთ მოღვაწეობა, ყველგან კვლავ იდგებით საქართველოს თავისუფლებისთვის ბრძოლის წინა ხაზზე", — წერია განცხადებაში.

ქიბარ ხალვაშის მიერ რუსთავის 2-ის გადაფორმებიდან ერთი თვის თავზე არხიდან გაათავისუფლეს საინფორმაციო სამსახურის უფროსი, ნოდარ მელაძე. შვებულებიდან დაბრუნების შემდეგ კი გაათავისუფლებენ საზოგადოებრივი და პოლიტიკური ტოქ-შოუს მთავარ პროდიუსერს, გიორგი ლაფერაშვილს, პოლიტიკური გადაცემების წამყვანებს, გიორგი გაბუნიასა და ეკა კვესიტაძეს და გასართობი გადაცემის ავტორსა და წამყვანს, ნანუკა ჟორჟოლიანს. ახალმა დირექტორმა, პაატა სალიამ მათი გათავისუფლების მიზეზად "ინტერესთა კონფლიქტი" და "შიდა ომები" დაასახელა.

ამ გადაწყვეტილების შემდეგ რუსთავი 2 პირდაპირ ეთერში დატოვეს კურიერის წამყვანებმა, დიანა ჯოჯუამ და მიშა სესიაშვილმა, მეორე დღეს კი თითქმის სრული შემადგენლობით ჟურნალისტებმა. რუსთავი 2 დატოვა რამდენიმე პროდიუსერმა, გადაცემების შაბათის შუადღის და კვირის სხვა შუადღის წამყვანებმა. ტელევიზია, ასევე, დატოვა P.S.-ის გუნდმა და რეგიონის ჟურნალისტებმა.