საბჭოს წევრი ბეჟან გობაძე აჭარის ტელევიზიის დირექტორის შესარჩევ კენჭისყრაში მონაწილეობას არ მიიღებს. ამის შესახებ მან ახლახანს განაცხადა.

ტელევიზიის დირექტორი საბჭოს 3-მა წევრმა უნდა აირჩიოს, რადგან ერთი სხდომას არ ესწრება.

ცვლილებები აჭარის ტელევიზიაში

არხის დირექტორი სამი თვეა ვერ შეარჩიეს. დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა, ნათია ზოიძემ პროცესს ფარსი უწოდა და მაუწყებლის მრჩეველთა საბჭო პოლიტიკურად მართულობაში დაადანაშაულა.

მისივე განცხადებით, ყოფილი დირექტორის გადაყენებიდან მალევე მიუგზავნეს ხელისუფლების წარმომადგენლები, რომლებიც ურჩევდნენ დირექტორის არჩევნებში მონაწილეობა არ მიეღო.

19 აპრილს ნათია კაპანაძის დირექტორის თანამდებობიდან გადაყენებას ხუთი მრჩევლიდან ოთხმა დაუჭირა მხარი. იმპიჩმენტის პროცესი ნაციონალური მოძრაობის კვოტით წარდგენილმა ირაკლი დარცმელიძემ და ქართული ოცნების დასახელებულმა გიგა ჩხარტიშვილმა დაიწყეს. ისინი აცხადებდნენ, რომ დირექტორი მოვალეობას ვერ ასრულებდა, რაც პრიორიტეტების შეუსრულებლობასა და ტელევიზიაში ხელფასებთან დაკავშირებით არსებულ პრობლემებში გამოიხატებოდა.

იმპიჩმენტის მოთხოვნაზე ინფორმაციის გავრცელების შემდეგ კაპანაძემ თქვა, რომ საფრთხე ექმნება სარედაქციო დამოუკიდებლობასა და მაუწყებლის გამართულ მუშაობას. მისი თქმით, მაუწყებელი პრიორიტეტებს იმ შესაძლებლობების ფარგლებში ასრულებდა, რაც აქვს.

კაპანაძის იმპიჩმენტის ინიციატივა არასამთავრობო ორგანიზაციებმა მკვეთრად უარყოფითად შეაფასეს და განაცხადეს, რომ მოვლენებს თვალს ადევნებენ. დირექტორს მხარი დაუჭირა საქართველოს სახალხო დამცველმა. პროცესებს გამოეხმაურა აშშ-ს საელჩო საქართველოში.

ნათია კაპანაძის დირექტორობის დროს არხი პირველად მოხვდა საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაციების ანგარიშებში, როგორც ყველაზე დაბალანსებული ტელევიზია.