ხელვაჩაურის საკრებულოს ქართული ოცნების დეპუტატი ჯამბულ თავართქილაძე დააკავეს. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში On.ge-ს უთხრეს, რომ იგი ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის მოთხოვნისა და აღების ბრალდებით აიყვანეს. ამავე საქმეზე დაკავებულია, ასევე, ერთ-ერთი მოქალაქე.

გამოძიების ვერსიით, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი, ჯამბულ თავართქილაძე ნათესავთან შეთანხმებით, უცხო ქვეყნის მოქალაქეს, შავი ზღვის სანაპირო ზოლში მდებარე სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული 12 845,00 მ² მიწის ნაკვეთის შეძენაში დახმარებას დაპირდა. სუს-ში აცხადებენ, რომ ჯამბულ თავართქილაძეს მიწის ნაკვეთი აუქციონის წესით გასაყიდად საკრებულოს სხდომაზე უნდა გაეტანა და დეპუტატები დაეყოლიებინა საკითხის დადებითად გადასაწყვეტად. ბრალდების თანახმად, დეპუტატმა სანაცვლოდაც კვადრატულ მეტრზე მოითხოვა 4 აშშ დოლარი, საერთო ჯამში 51 380 აშშ დოლარი, საიდანაც წინასწარ აიღო 1 000 აშშ დოლარი.

გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის მოთხოვნისა და აღების ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 338-ე მუხლის მესამე ნაწილის ე ქვეპუნქტით, რაც სასჯელის სახით 11-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს).

ჯამბულ თავართქილაძე ხელვაჩაურის საკრებულოს ფრაქციის ქართული ოცნების თავმჯდომარის მოადგილეა. დეპუტატის დაკავების შესახებ მასალა თავდაპირველად TV25-მა გაავრცელა.