ტელეკომპანია რუსთავი 2 მარინა ბერიძემაც დატოვა. ამის შესახებ ინფორმაცია მან On.ge-ს დაუდასტურა.

მარინა ბერიძე რუსთავი 2-ში გადაცემა მასტერკლასის მუსიკალური პროდიუსერი და ჟიურის წევრი, მხოლოდ ქართულის ჟიურის წევრი და სხვა შუადღეში მუსიკალური რუბრიკის ხელმძღვანელი იყო. მანამდე ის ამავე ტელევიზიაში არაერთ წარმატებულ გადაცემას ხელმძღვანელობდა.

ქიბარ ხალვაშის მიერ რუსთავის 2-ის გადაფორმებიდან ერთი თვის თავზე არხიდან გაათავისუფლეს საინფორმაციო სამსახურის უფროსი, ნოდარ მელაძე. შვებულებიდან დაბრუნების შემდეგ კი გაათავისუფლებენ საზოგადოებრივი და პოლიტიკური ტოქ-შოუს მთავარ პროდიუსერს, გიორგი ლაფერაშვილს; პოლიტიკური გადაცემების წამყვანებს, გიორგი გაბუნიასა და ეკა კვესიტაძეს და გასართობი გადაცემის ავტორსა და წამყვანს, ნანუკა ჟორჟოლიანს. ახალმა დირექტორმა, პაატა სალიამ მათი გათავისუფლების მიზეზად "ინტერესთა კონფლიქტი" და "შიდა ომები" დაასახელა.

ამ გადაწყვეტილების შემდეგ რუსთავი 2 პირდაპირ ეთერში დატოვეს კურიერის წამყვანებმა, დიანა ჯოჯუამ და მიშა სესიაშვილმა, მეორე დღეს კი თითქმის სრული შემადგენლობით ჟურნალისტებმა. რუსთავი 2 დატოვა რამდენიმე პროდიუსერმა, გადაცემების შაბათის შუადღის და კვირის სხვა შუადღის წამყვანებმა. ტელევიზია, ასევე, დატოვა P.S.-ის გუნდმა და რეგიონის ჟურნალისტებმა.