ჯეი როჩის გადაღებული ფილმის, Bombshell, პირველი ტიზერი გამოვიდა. მასში ოსკაროსანი შარლიზ ტერონი და ნიკოლ კიდმანი, და ნომინანტი მარგო რობი მონაწილოებენ.

ტიზერის დასაწყისში ვეება მედია კომპანიას ვხედავთ, რომლის ერთ-ერთი აშკარად შეძრწუნებული და თითქოს შეშინებული თანამშრომელი (მარგო რობი) ლიფტში შედის. ცოტა ხანში მას უერთდებიან სხვა თანამშრომლებიც და ციცქნა სივრცეს დაძაბულობა ავსებს. "ცოტა ცხელა", — ამბობს კიდმანის გმირი და პასუხად სიჩუმეს იღებს.

ფილმის სიუჟეტი რეალურ მოვლენებზეა აგებული და მისი ცოდნის გარეშე, რთული გასაგებია რა ხდება ვიდეო-რგოლში, რომელიც 1 წუთსა და 21 წამს გრძელდება.

Bombshell საიდუმლოზეა, რომელიც ამერიკულ ტელეარხ Fox-ში ჩურჩულით დაიწყო და გამანადგურებელ სენსაციად იქცა. ამერიკის სამი პრეზიდენტის მედია კონსულტანტი, დონალდ ტრამპის კამპანიის მრჩეველი და Fox News-ის დამფუძნებელი როჯერ აილსი თანამშრომელმა ქალებმა სექსუალურ შევიწროებაში 2016 წელს საჯაროდ დაადანაშაულეს.

კიდმანი და ტერონი Fox-ის რეალურ წამყვანებს, გრეტჩენ კარლსონსა და მეგან კელის ანსახიერებენ, ხოლო მარგო რობი გამოგონილ პერსონაჟს, პროდიუსერ კაილა პოსპილს აცოცხლებს.

Bombshell-ის პრემიერა წელს, 20 დეკემბერს შედგება.