განათლების სამინისტროს განცხადებით, სკოლის ნებაყოფლობით დატოვებისა და ფულადი ჯილდოს მისაღებად პირველ ეტაპზე 6 ათასამდე საპენსიო ასაკს მიღწეული მასწავლებელი დარეგისტრირდა, რაც მათივე ცნობით, საერთო რაოდენობის ნახევარია. ფულად ჯილდოსთან დაკავშირებით რეგისტრაციის პირველი ეტაპი დასრულდა. ამ თემაზე მინისტრის მოადგილემ, ირინა აბულაძემ დღეს, 22 აგვისტოს ბრიფინგი გამართა.

სამინისტროს განცხადებით, პენსიონერი მასწავლებლები, რომლებმაც პროფესიიდან გასვლა გადაწყვიტეს, ორი წლის ხელფასის ჯამურ ოდენობას მიმდინარე წლის ოქტომბრის დასაწყისშივე მიიღებენ. მათ მთელი სიცოცხლის განმავლობაში შეუნარჩუნდებათ პედაგოგის ჯანმრთელობის დაზღვევის პაკეტი.

საპენსიო ასაკის პრაქტიკოს პედაგოგებს ჯილდოს მისაღებად ნების გამოხატვა 2019 წლის ბოლომდე შეუძლიათ. ჯილდოს გაცემის მეორე ეტაპი წლის ბოლოს იქნება.