NGO-ები წინასაარჩევნო გარემოს შეფასებას აქვეყნებენ და ამბობენ, რომ მიუხედავად რამდენიმე ცალკეული ძალადობრივი აქტის, ამომრჩევლის მოსყიდვისა და სავარაუდოდ პოლიტიკური ნიშნით დაშინებისა, წინასაარჩევნოდ ამომრჩევლის ნების თავისუფალ ფორმირებაზე ზემოაღნიშნულს არსებითი გავლენა არ მოუხდენია.

არასამთავრობოები აღნიშნავენ, რომ წინასაარჩევნო კამპანიის მიმდინარეობას, არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე მომხდარმა ძალადობის ფაქტებმა, გივი თარგამაძის მანქანის აფეთქებამ, ირაკლი ოქრუაშვილზე თავდასხმამ და ქართული ოცნების აქტივისტებზე განხორციელებულმა ფიზიკურმა ანგარიშსწორებამ პროცესს სერიოზული ზიანი მიაყენეს.

დოკუმენტში ასევე საუბარია წინასაარჩევნოდ გავრცელებულ ფარულ აუდიოჩანაწერებზეც, რომელთა გავრცელებასაც NGO-ები საზოგადოებრივი აზრის მიუღებელი მეთოდით ფორმირების მცდელობად აფასებენ:

"წინა წლებთან შედარებით, უფრო ხშირად გვხვდებოდა პარტიების და კანდიდატების მხრიდან ამომრჩევლის დაინტერესება ფულადი და მატერიალური ღირებულებებითა და მომსახურების გაწევით. ასევე, საარჩევნო კამპანიაში არაუფლებამოსილი პირების მონაწილეობის შემთხვევები".

არასამთავრობოები ამბობენ, რომ არჩევნების დღეს საარჩევნო ადმინისტრაცია ორგანიზებული ხვდება, თუმცა გამოწვევად იქცა საუბნო საარჩევნო კომისიების დაკომპლექტება, როდესაც საუბნო საარჩევნო კომისიების წევრთა შერჩევის პროცესის პოლიტიკური მიუკერძოებლობის საკითხი რიგ საარჩევნო ოლქებში კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა:

"საერთო ჯამში, მიგვაჩნია, რომ არჩევნების დღეს ამომრჩეველს ექნება საშუალება, რომ საარჩევნო უბნებზე ინფორმირებული და თავისუფალი არჩევანი გააკეთოს".

წინასაარჩევნო გარემოს შეფასებას TI, ISFED da GYLA აქვეყნებს.