ქართველი რეჟისორისა და მწერლის, რეზო გაბრიაძის ჩანაწერების მიხედვით მისმა შვილმა, ლევან გაბრიაძემ ანიმაციური ფილმი შექმნა, სახელად — დედა, იცი სად ვიყავი? ფილმის პრემიერა 2018 წლის აპრილში შედგა და ის რუსეთის კულტურის სამინისტროს დაფინანსებულია.

ფილმი Stage Russia-ს ამერიკის ქალაქებში გააქვს და ფართო საზოგადოებას რუსული კულტურის სახელით აცნობს.

პროექტის ფეისბუქ გვერდის მიხედვით, ჩვენებები დაგეგმილია სან-ფრანცისკოში, სან-რამონში, პორტლენდში, ლარკსპურსა და ვაშინგტონში.

ფილმს მეორე სახელიც აქვს — Rezo. მასში მოთხრობილია, როგორ შეხვდა რეზო გაბრიაძე სტალინს, ლენინსა და ჰიტლერს. ლევან გაბრიაძე ამბობდა, რომ პროექტის განხორციელებას თითქმის 20 წელი ცდილობდა. ფილმის პროდიუსერია, ანჯელინა ჯოლის მონაწილეობით გამოსული ფილმის, Wanted-ის რეჟისორი, ტიმურ ბეკმამბეტოვი.

ლევან გაბრიაძეს ასევე ეკუთვნის ცნობილი საშინელებათა ფილმი Unfriended.

ვინ არიან ორგანიზატორები?

Stage Russia რუსული კულტურის პროექტია, რომლის მიზანიცაა მსოფლიოს რუსული თეატრი გააცნოს. პროექტის ფარგლებში, რუსეთში წარმოებულ ფილმებს საერთაშორისო მაყურებელს ნათარგმნს, ან ინგლისური სუბტიტრებით უჩვენებენ.

ამერიკაში დაგეგმილ და განხორციელებულ თეატრალურ ჩვენებებს შორისაა ევგენი ონეგინი, ანა კარენინა და სხვები.