ბათუმის საკრებულომ ხმაურის ფონზე სილქ როუდ ჯგუფის შვილობილ კომპანიას, რივიერა ბათუმს განაშენიანების რეგულირების გეგმა დაუმტკიცა. სხდომა ხმაურის ფონზე მიმდინარეობდა. აქტივისტები და მოქალაქეები პროექტს აპროტესტებდნენ და დეპუტატებს მოუწოდებდნენ, მისთვის მხარი არ დაეჭირათ.

კომპანია ბათუმის კონცხზე ხუთი ცათამბჯენის აშენებას გეგმავს. საკრებულოს თანხმობის შემდეგ კომპანიას ბათუმის მერიისგან მხოლოდ არქიტექტურული ნაწილის შეთანხმება და ნებართვის მიღება დასჭირდება.

საინიციატივო ჯგუფისა და საზოგადოება ბათომის მტკიცებით, ბათუმის კონცხი ისტორიული ქალაქის შემადგენელი ნაწილია და ცათამბჯენებით მისი განაშენიანება არღვევს კანონს. აქტივისტები მიიჩნევენ, რომ ეს პროექტი ძველ ბათუმს ისტორიულ იერსახეს უკარგავს და ისტორიული ქალაქის სანაპიროსთან კონტაქტს სრულად ახშობს. მათივე თქმით, კიდევ ერთი არგუმენტი გაეროს დაფინანსებით ჩატარებული კვლევაა, სადაც, მათი თქმით, ნათქვამია, რომ კონცხზე მასშტაბური მშენებლობები საფრთხის შემცველია.

ბათუმის მერია და სილქ როუდ ჯგუფი კი ამბობს, რომ მათ იტალიურ კომპანიას დაუკვეთეს კვლევა, რომელშიც აღნიშნულია, რომ ზღვის სანაპიროზე ხუთი ცათამბჯენის მშენებლობა საფრთხეს არ წარმოადგენს.