VEON-ის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე და გენერალური დირექტორი, ურსულა ბერნსი, თბილისში, ბილაინის სათავო ოფისს ეწვია.

კომპანიის პირველი პირის ვიზიტის მთავარი მიზანი ბილაინის გუნდის პირადად გაცნობა, შედეგების შეჯამება და სამომავლო გეგმების მიმოხილვა იყო. ბილაინის სათავო ოფისში გამართული შეხვედრის ფარგლებში ურსულა ბერნსი პირადად ესაუბრა კომპანიის თანამშრომლებს, დადებითად შეაფასა გუნდის მუშაობა და აღნიშნა, რომ კომპანიის ბოლო დროინდელი პროგრესი შესამჩნევია. დასასრულს მან კოლეგებს მადლობა გადაუხდა და მოტივაციით განაწყო.

ურსულა ბერნსი ამერიკელი წარმოშობის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ბიზნესვუმენი და Fortune 500-ის კომპანიის დირექტორია. ამჟამად, ურსულა VEON-ის თავმჯდომარე და აღმასრულებელი დირექტორია. ის, ასევე, ისეთი კორპორაციების სამეთვალყურეო საბჭოს წევრია, როგორებიცაა: Uber, Nestle, ExxonMobil, MIT და სხვა.

VEON-ში მოსვლამდე, 2009 — 2017 წლებში ურსულა მუშაობდა კომპანია Xerox-ის აღმასრულებელი დირექტორისა და შემდეგ თავმჯდომარის თანამდებობაზე. ქალბატონი ბერნსი, ასევე, იყო თეთრი სახლის STEM პროგრამის ხელმძღვანელი, 2009 — 2016 წლებში პრეზიდენტ ობამას მსახურების დროს და პრეზიდენტის ექსპორტის საბჭოს თავმჯდომარე 2015-2016 წწ. ჟურნალმა Forbes ის არაერთხელ დაასახელა მსოფლიოს უძლიერეს 100 ქალთა შორის. გარდა ბიზნესში საქმიანობისა, ურსულა აქტიურადაა ჩართული სხვადასხვა საგანმანათლებლო და არასამთავრობო ორგანიზაციების მხარდაჭერაში, მათ შორის არის STEM განათლების განვითარებაზე მიმართული ორგანიზაციის დამფუძნებელი.

VEON ჯგუფი საერთაშორისო კომპანიაა და 10 ქვეყანაში ოპერირებს, საქართველოში კი წარმოდგენილია ბრენდით ბილაინი. კომპანიის პირველი პირის გეგმა თითოეულ ქეყანაში სტუმრობას და თანამშრომლებთან შეხვედრას მოიცავს.