მეორე დღეს რუსთავი 2-ის საინფორმაციო გამოშვება კურიერი ეთერში არ გადის. არ იდება სიახლეები რუსთავი 2-ის ვებგვერდზეც. ბოლო გამოშვება ეთერში 20 აგვისტოს, 21 საათზე გავიდა. ტელეკომპანია პირდაპირ ეთერში წამყვანებმა, დიანა ჯოჯუამ და მიშა სესიაშვილმა დატოვეს.

გუშინ, 21 აგვისტოს რუსთავი 2 ჟურნალისტებმა თითქმის სრული შემადგენლობით დატოვეს. ტელევიზია დატოვა რამდენიმე პროდიუსერმა, ასევე, გადაცემა კვირის სხვა შუადღის ოთხივე წამყვანმა.

ქიბარ ხალვაშის მიერ რუსთავის 2-ის გადაფორმებიდან ერთი თვის თავზე არხიდან გაათავისუფლეს საინფორმაციო სამსახურის უფროსი ნოდარ მელაძე. შვებულებიდან დაბრუნების შემდეგ კი გაათავისუფლებენ საზოგადოებრივი და პოლიტიკური ტოქ-შოუს მთავარ პროდიუსერს გიორგი ლაფერაშვილს; პოლიტიკური გადაცემების წამყვანებს გიორგი გაბუნიასა და ეკა კვესიტაძეს და გასართობი გადაცემის ავტორსა და წამყვანს ნანუკა ჟორჟოლიანს. ახალმა დირექტორმა, პაატა სალიამ მათი გათავისუფლების მიზეზად "ინტერესთა კონფლიქტი" და "შიდა ომები" დაასახელა.