"ჩვენ წავედით" — ამ სიტყვებით რუსთავი 2-ის აწ უკვე ყოფილმა ჟურნალისტებმა არხის ფეისბუქგვერდზე ბოლო პოსტი გამოაქვეყნეს. ფოტოში ჩანს ტელეკომპანიის ცარიელი საეთერო ოთახი.

ფოტო: კადრი რუსთავი 2-ის ფეისბუქგვერდიდან

ეს მესამე პოსტია მას შემდეგ, რაც კურიერის წამყვანებმა არხი დატოვეს. პირველი იყო ნიუსი იმის შესახებ, რომ 12-საათიანი კურიერი ეთერში არ გავა. მეორე პოსტი ფეისბუქლაივი იყო გადაცემა #სირცხვილიადან, სადაც არხის ყოფილი ჟურნალისტები დიანა ჯოჯუა, გიგლა თუმანიშვილი და დავით ერაძე იყვნენ სტუმრად.

უკვე 24 საათი გავიდა მას შემდეგ, როცა საინფორმაციო გამოშვება კურიერი გავიდა ეთერში. მუშაობა შეაჩერა ვებგვერდმაც და ჟურნალისტები გადაღებებზე არ გასულან. რამდენიმე საათის წინ კი არხი ჟურნალისტების უმეტესობამ დატოვა.

გუშინ, 20 აგვისტოს, საღამოს ცხრა საათზე ტელეკომპანია პირდაპირ ეთერში წამყვანებმა, დიანა ჯოჯუამ და მიშა სესიაშვილმა დატოვეს და საინფორმაციო გამოშვებაც შეწყდა.

ქიბარ ხალვაშის მიერ რუსთავის 2-ის გადაფორმებიდან ერთი თვის თავზე არხიდან გაათავისუფლეს საინფორმაციო სამსახურის უფროსი ნოდარ მელაძე. შვებულებიდან დაბრუნების შემდეგ კი გაათავისუფლებენ საზოგადოებრივი და პოლიტიკური ტოქ-შოუს მთავარ პროდიუსერს გიორგი ლაფერაშვილს; პოლიტიკური გადაცემების წამყვანებს გიორგი გაბუნიასა და ეკა კვესიტაძეს და გასართობი გადაცემის ავტორსა და წამყვანს ნანუკა ჟორჟოლიანს. ახალმა დირექტორმა, პაატა სალიამ მათი გათავისუფლების მიზეზად "ინტერესთა კონფლიქტი" და "შიდა ომები" დაასახელა.