ინგლისელი მკვლევარები კლუბური ნარკოტიკის ფსიქოთერაპიაში გამოყენებაზე უკვე დიდი ხანია საუბრობენ. მათი მოსაზრებით, ეს უკანასკნელი ალკოჰოლიზმთან ბრძოლაში სხვა პრეპარატებთან შედარებით უფრო ეფექტურია. კვლევის მონაწილეებს რაიმე სახის ფიზიკური ან ფსიქოლოგიური ჩივილები არ ჰქონიათ და თითქმის არცერთი მათგანი ალკოჰოლს აღარ დაბრუნებია.

შედარებისათვის: ამჟამინდელი სამკურნალო საშუალებების ფონზე, ყოველი 10 ბრიტანელი ალკოჰოლ-დამოკიდებულიდან 8 ადამიანი, მკურნალობის შემდგომ, 3 წლის განმავლობაში, სასმელს ისევ უბრუნდება.

"ალკოჰოლური დეტოქსიკაციის შემდგომ, პაციენტთა 80% სმას 3 წლის განმავლობაში უბრუნდება და ეს არის საუკეთესო ვარიანტი, რისი შემოთავაზებაც სამედიცინო მეცნიერებას შეუძლია" — ამბობს ექიმი ბენ სესა, ფსიქიატრ-ადიქტოლოგი და უფროსი მკვლევარი.

კვლევა ჯერ-ჯერობით მხოლოდ 11 მონაწილემ დაასრულა. მათზე დაკვირვება შემდგომი 9 თვე გრძელდებოდა.

"ჩვენ გვყავს 1 პაციენტი, რომელიც თავდაპირველი დოზით დაუბრუნდა ალკოჰოლის მოხმარებას, 5 სრულიად ფხიზელი ადამიანი და 4-5 ისეთი მონაწილე, რომლებმაც ამ პერიოდის განმავლობაში მხოლოდ ერთი-ორჯერ დალიეს სასმელი, თუმცა არა ისე, რომ მათთვის ალკოჰოლიზმის დიაგნოზი დაესვათ" — განაცხდა სესამ

მკვლევარის მოსაზრებით, დამოკიდებულებების საფუძველი ადრეულ, ბავშვობის ასაკის ტრავმებში უნდა ვეძებოთ.

"MDMA-ს დახმარებით ფსიქოთერაპია ადრეულ ასაკში გადატანილ ტრავმაზე დაფუძნებულ და მყარად ფესვებგადგმულ პირად შეხედულებებთან გამკლავების შანსს იძლევა. იგი იდეალური საშუალებაა ტრავმაზე ფოკუსირებული ფსიქოთერაპიისათვის" — მიიჩნევს ინგლისელი ექიმი.

კვლევის სპეციფიკა

ახალი კვლევის პირველ ეტაპზე უნდა განისაზღვროს თერაპიის უსაფრთხოება. შემდეგ, საკონტროლო ჯგუფში შემთხვევითი წესით შეარჩევენ კვლევის მონაწილეებს, რომლებიც MDMA-ს ნაცვლად პლაცებოს მიიღებენ. მეცნიერები მიღებულ შედეგებს დააკვირდებიან და მკურნალობის ეფექტურობას ამგვარად განსაზღვრავენ.

კვლევის მონაწილეებს პირველადი სკრინინგით არჩევენ. ამ დროს მათ უტარდებათ სამედიცინო შემოწმება და ფსიქოლოგიური ტესტები, რის შემდგომაც ისინი ფსიქოთერაპიის 8 კვირიან კურსს გადიან. მესამე და მეექვსე კვირას მეცნიერები მათ MDMA-ს აძლევენ. ეს სესიები კლინიკაში, ფსიქიატრებისა და ფსიქოლოგების გარემოცვაში მიმდინარეობს. ნარკოტიკის მიღების შემდგომ, კვლევის მონაწილეები 8 საათს ატარებენ სპეციალისტების გარემოცვაში, რა დროსაც მათი უმეტესობა ყურსასმენებით და საძილე ნიღბით წევს.

ჩვენ პაციენტებს საშუალებას ვაძლევთ, რომ ამ სესიებს მიმართულება თავად მისცენ. შესაბამისად, ეს პროცესი კლინიცისტების მიერ ნაკლებადაა მართული

ბენ სესა, უფროსი მკვლევარი

სესიის შემდგომ, პაციენტები 1 ღამით კლინიკაში რჩებიან და შემდგომი კვირის განმავლობაში, ყოველდღიურად, მკვლევარებს სატელეფონო კავშირით თავიანთი ხასიათის, ძილის ხარისხისა და პოტენციური სუიციდური ფიქრების შესახებ ატყობინებენ. აღსანიშნავია, რომ ამ მონაცემების მიხედვით, ნარკოტიკის გამოდევნის ან აბსტინენციის ("ლომკა") სიმპტომები არ შეინიშნებოდა.

MDMA-ს სხვა კვლევები

MDMA-ს აშშ-ში 1970 — 1985 წლებში აქტიურად იყენებდნენ ფსიქოთერაპიის დამხმარე პრეპარატად, ხოლო შვეიცარიაში მსგავსი მიდგომა 1993 წლამდე შენარჩუნდა. წინა წლებიდან მოყოლებული, ამ ნარკოტიკული საშუალების გამოცდა პოსტ-ტრავმული დისტრეს სინდრომის (PTSD) მკურნალობისთვის აქტიურად მიმდინარეობს. მიღებული შედეგები აქაც იმედისმომცემია.

"კვლევის მონაწილეთა 61%-ს PTSD აღარ აწუხებს — ასეთი შედეგი ფიქსირდება კვლევის დასრულებიდან 2 თვის შემდეგ, მაგრამ უფრო მეტად მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ 1 წლის შემდგომაც ადამიანები თავს უკეთ გრძნობენ და გამოჯანმრთელების გზას ადგანან" — განაცხადა რიკ დობლინმა, ფსიქოდელიური საშუალებების კვლევის მულტიდისციპლინური ასოციაციის დამაარსებელმა.