რუსთავი 2-ის ყოფილი გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია რუსთავიორელებს მიმართავს და ამბობს, რომ "აწი ხვეწნას არ აპირებს". მისივე თქმით, მას ჰყავს ინვესტორები და აქვს ფული, ასევე, რუსთავი 2-ზე უკეთესი შენობა.

"მთავარი ხალხი, ვინც რუსთავი 2-ს აკეთებდა, ბორტზეა და გავდივართ. აწი ხვეწნას არ ვაპირებ. ვინც აახტებით მიმავალ გემს და გამარჯვებულ ნავში ყოფნას ისურვებთ, თქვენი გადასაწყვეტია. მეორე არჩევანი — ივანიშვილის ტელევიზიაა. მერე არ თქვათ, რომ არჩევანი არ გქონდათ და კრედიტი და შვილებს რა ვაჭამო არ მოიმიზეზოთ", — წერს გვარამია ფეისბუქზე.

მისვე თქმით, ახალი მთავარი არხის სლოგანი იქნება "მოიპოვეთ ჩვენთან ერთად თავისუფლება". გვარამიამ, ასევე აღნიშნა, რომ ორშაბათიდან, 26 აგვისტოდანჟურნალისტებთან კონტრაქტების გაფორმებას იწყებს.

#სირცხვილიას გადაცემაში საუბრისას ნიკა გვარამია არაერთხელ თქვა, რომ რუსთავი 2-ის ყოფილ თანამშრომლებს თავის მთავარ არხზე მიიღებდა.

ქიბარ ხალვაშის მიერ რუსთავის 2-ის გადაფორმებიდან ერთი თვის თავზე არხიდან გაათავისუფლეს საინფორმაციო სამსახურის უფროსი ნოდარ მელაძე. შვებულებიდან დაბრუნების შემდეგ კი გაათავისუფლებენ საზოგადოებრივი და პოლიტიკური ტოქ-შოუს მთავარ პროდიუსერს გიორგი ლაფერაშვილს; პოლიტიკური გადაცემების წამყვანებს გიორგი გაბუნიასა და ეკა კვესიტაძეს და გასართობი გადაცემის ავტორსა და წამყვანს ნანუკა ჟორჟოლიანს. ახალმა დირექტორმა, პაატა სალიამ მათი გათავისუფლების მიზეზად "ინტერესთა კონფლიქტი" და "შიდა ომები" დაასახელა.

პროტესტის ნიშნად არხი დატოვეს კურიერის წამყვანებმა, დიანა ჯოჯუამ, პაატა იაკობაშვილმა და მიშა სესიაშვილმა.