რუსთავი 2-ის ყოფილი დირექტორი, ნიკა გვარამია ამბობს, რომ არხზე მუშაობის დროს ნინო შუბლაძე ხელისუფლების წარმომადგენელს ტელეკომპანიის განადგურებაზე ესაუბრებოდა. ამის შესახებ მან გადაცემა #სირცხვილიაში ისაუბრა.

მისივე თქმით, საუბრის ვიდეოც არსებობს და შუბლაძე არხიდან სწორედ ამის გამო წავიდა.

"მე ის ვიდეო არასდროს გამომიქვეყნებია, რომელშიც 2013 წელს ნინო შუბლაძე ხელისუფლებას, ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლებას უთანმხდება რუსთავი 2-ის განადგურებაზე. ეს ვიდეო არსებობს. არსად არ წასულა. მე ვიცავ დადებულ სიტყვას, არაფერი არ მითქვამს. პირიქით, გავაცილე ის აბსოლუტურად ბედნიერად 50-ათასლარიანი პრემიით. მას კარგად ახსოვს საკუთარი მანქანები და სახლები საიდან მოვიდა", — აღნიშნა ნიკა გვარამიამ და იქვე დასძინა, რომ ცხრა წლის განმავლობაში მედიაზონდერი არა თვითონ, არამედ ნინო შუბლაძე იყო.

20 აგვისტოს იმედმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსთავი 2-ის საინფორმაციო სამსახურის ახალი ხელმძღვანელი ნინო შუბლაძე იქნება. ამასთანავე, არხის დირექტორმა, პაატა სალიამ აღნიშნა, რომ საინფორმაციოს უფროსად სხვა კანდიდატურებთან ერთად ნინო შუბლაძეც განიხილება.

On.ge ორი დღეა ცდილობს, ნინო შუბლაძეს დაუკავშირდეს და მისგან დამატებითი ინფორმაცია მიიღოს, თუმცა ის ჩვენს ზარებს არ პასუხობს.

ნინო შუბლაძე წლების განმავლობაში რუსთავი 2-ში მუშაობდა, იყო არხის გენერალური დირექტორის მოადგილე, საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელიც და საზოგადოებრივ-პოლიტიკური ტოქშოუს წამყვანი. მან არხი 2014 წელს დატოვა. თანამდებობის დატოვებას წინ უსწრებდა მისსა და რუსთავი 2-ის ყოფილი გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას სამუშაო ოთახებში აღმოჩენილი ჩანაწერების გასაჯაროება.

რუსთავი 2-ის დატოვების შემდეგ ნინო შუბლაძე სამთავრობო პიარში გადავიდა, ის ჯანდაცვის მინისტრის მრჩეველი იყო. წლების შემდეგ TV პირველში დაიწყო მუშაობა, თუმცა, ტელევიზია გადაცემის დაწყებამდე დატოვა. ამის შესახებ შუბლაძე ქართული ოცნების საკომუნიკაციო ცენტრში მუშაობდა.

ქიბარ ხალვაშის მიერ რუსთავის 2-ის გადაფორმებიდან ერთი თვის თავზე არხიდან გაათავისუფლეს საინფორმაციო სამსახურის უფროსი ნოდარ მელაძე. შვებულებიდან დაბრუნების შემდეგ კი გაათავისუფლებენ საზოგადოებრივი და პოლიტიკური ტოქ-შოუს მთავარ პროდიუსერს გიორგი ლაფერაშვილს; პოლიტიკური გადაცემების წამყვანებს გიორგი გაბუნიასა და ეკა კვესიტაძეს და გასართობი გადაცემის ავტორსა და წამყვანს ნანუკა ჟორჟოლიანს. ახალმა დირექტორმა, პაატა სალიამ მათი გათავისუფლების მიზეზად "ინტერესთა კონფლიქტი" და "შიდა ომები" დაასახელა.

პროტესტის ნიშნად არხი დატოვეს კურიერის წამყვანებმა, დიანა ჯოჯუამ, პაატა იაკობაშვილმა და მიშა სესიაშვილმა.