რუსთავი 2-ის ყოფილი გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია ამბობს, რომ ცხრა წლის გამავლობაში მედიაზონდერი არა თვითონ, არამედ ნინო შუბლაძე იყო. #სირცხვილიას გადაცემაში საუბრისას გვარამიამ თქვა, რომ დღესაც მედიაზონდერი ნინო შუბლაძე იქნება.

"იგივე სიტუაცია გვექნება, რაც გვაქვს სასამართლოსთან დაკავშირებით. ცხრაწლიან მედიაზონდერებს ისევე, როგორც სასამართლოს ზონდერებს, ეს ხელისუფლება გადაიბარებს", — აღნიშნა გვარამიამ.

როგორც მან აღნიშნა, რუსთავი 2-დან წამოსულ ყველა თანამშრომელს კონტრაქტების გაფორმებას მის მთავარ არხზე სთავაზობს.

20 აგვისტოს იმედმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსთავი 2-ის საინფორმაციო სამსახურის ახალი ხელმძღვანელი ნინო შუბლაძე იქნება. ამასთანავე, არხის დირექტორმა, პაატა სალიამ აღნიშნა, რომ საინფორმაციოს უფროსად სხვა კანდიდატურებთან ერთად ნინო შუბლაძეც განიხილება.

On.ge ორი დღეა ცდილობს, ნინო შუბლაძეს დაუკავშირდეს და მისგან დამატებითი ინფორმაცია მიიღოს, თუმცა ის ჩვენს ზარებს არ პასუხობს.

ნინო შუბლაძე წლების განმავლობაში რუსთავი 2-ში მუშაობდა, იყო არხის გენერალური დირექტორის მოადგილე, საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელიც და საზოგადოებრივ-პოლიტიკური ტოქშოუს წამყვანი. მან არხი 2014 წელს დატოვა. თანამდებობის დატოვებას წინ უსწრებდა მისსა და რუსთავი 2-ის ყოფილი გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას სამუშაო ოთახებში აღმოჩენილი ჩანაწერების გასაჯაროება.

რუსთავი 2-ის დატოვების შემდეგ ნინო შუბლაძე სამთავრობო პიარში გადავიდა, ის ჯანდაცვის მინისტრის მრჩეველი იყო. წლების შემდეგ TV პირველში დაიწყო მუშაობა, თუმცა, ტელევიზია გადაცემის დაწყებამდე დატოვა. ამის შესახებ შუბლაძე ქართული ოცნების საკომუნიკაციო ცენტრში მუშაობდა.

ქიბარ ხალვაშის მიერ რუსთავის 2-ის გადაფორმებიდან ერთი თვის თავზე არხიდან გაათავისუფლეს საინფორმაციო სამსახურის უფროსი ნოდარ მელაძე. შვებულებიდან დაბრუნების შემდეგ კი გაათავისუფლებენ საზოგადოებრივი და პოლიტიკური ტოქ-შოუს მთავარ პროდიუსერს გიორგი ლაფერაშვილს; პოლიტიკური გადაცემების წამყვანებს გიორგი გაბუნიასა და ეკა კვესიტაძეს და გასართობი გადაცემის ავტორსა და წამყვანს ნანუკა ჟორჟოლიანს. ახალმა დირექტორმა, პაატა სალიამ მათი გათავისუფლების მიზეზად "ინტერესთა კონფლიქტი" და "შიდა ომები" დაასახელა.

პროტესტის ნიშნად არხი დატოვეს კურიერის წამყვანებმა, დიანა ჯოჯუამ, პაატა იაკობაშვილმა და მიშა სესიაშვილმა.