ზონალურ-საათობრივი პარკირების სისტემა კოტე აფხაზის ქუჩის შემდეგ, ორბელიანის მოედანსა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე ამოქმედდება. ამის შესახებ დღეს, 21 აგვისტოს თბილისის მერმა კახა კალაძემ მთავრობის სხდომაზე თქვა.

დაახლოებით 20 დღეა, რაც კოტე აფხაზის ქუჩაზე ზონალურ-საათობრივი პარკირების სისტემა ამოქმედდა. კახა კალაძის თქმით, დედაქალაქის მერია საპილოტე პროექტის წარმატებით განხორციელების შემდეგ, მსგავს მიდგომებს თბილისის სხვა უბნებსა და ქუჩებშიც დანერგავს.

მისივე განცხადებით, ორბელიანის მოედანზე უახლოეს დღეებში საინფორმაციო ჯიხური განთავსება, სადაც მოქალაქეები ზონალურ-საათობრივი პარკირების სისტემის შესახებ დეტალურ ინფორმაციას მიიღებენ და უფასო პარკირებისთვის რეგისტრაციას შეძლებენ.

"აქ მცხოვრებ ადამიანები აუცილებლად უნდა დარეგისტრირდნენ სისტემაში და უფასოდ ისარგებლონ პარკირებით. ჩვენ აუცილებლად ვაწარმოებთ მათთან კომუნიკაციას, როგორც ეს პირველი პროექტის დროს მოხდა. მინდა დავავალო მერიის სამსახურებს, რომ დღეიდან უკვე დაიწყონ შესაბამისი მასალების მომზადება და ინფორმაციის მიწოდება ადგილობრივებისთვის. გარდა ამისა, ამ დღეებში ტერიტორიაზე საინფორმაციო ჯიხურსაც განვათავსებთ, სადაც მოქალაქეები დეტალური ინფორმაციის მიღებას შეძლებენ", — აღნიშნა თბილისის მერმა.

ფასიანი პარკირება სამ: A, B და C ზონებად იქნება დაყოფილი. A ზონაში პარკირების გადასახადი ერთი ლარია, B ზონაში — ორი ლარი, ხოლო C ზონაში — სამი ლარი.

საათობრივი პარკირების გადახდა შესაძლებელი იქნება მობილური აპლიკაციით ან ქუჩაში დამონტაჟებული აპარატებით. იმ ქუჩებზე, სადაც საათობრივი პარკირება ამოქმედდება ივლიან ავტობუსებიც.