საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა, კახეთში კამპანია Spend Your Summer in Georgia-ს ორგანიზატორებს უმასპინძლა. ის ამ დრომდე არ ჩასულა სოფელ გუგუტიანთკარში, სადაც საოკუპაციო რეჟიმი ე.წ. საზღვარს ავლებს.

პრეზიდენტი შვებულებიდან რამდენიმე დღის წინ დაბრუნდა. მაშინ მან რუსთავი 2-ის ჟურნალისტს უთხრა, რომ მიმდინარე პროცესებს ქუჩაში არ შეაფასებდა და თუ განცხადების გავრცელებას ან "უფრო სერიოზულ რამეს" დააპირებდა მედიას თავად აცნობებდა. თუმცა, ამ დრომდე მისი გეგმების შესახებ ინფორმაცია არ მიგვიღია.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსპიკერი ხატია მოისწრაფიშვილი მედიის კითხვებს სამშაბათობით ბრიფინგზე პასუხობს. მისი შვებულებაში ყოფნის დროს კი კვირის განმავლობაში დაგროვებულ კითხებზე პასუხი განცხადების ფორმით გავრცელდება. შესაბამისად, სამშაბათამდე ვერ გავიგებთ, აპირებს თუ არა ზურაბიშვილი ოკუპირებული სოფლის მოსახლეობასთან შეხვედრას.

რაც შეეხება კამპანია Spend Your Summer in Georgia-ს, ზურაბიშვილი აქამდეც აქტიურად იყო მასში ჩართული. პრესსამსახურის ინფორმაციით, ამ შეხვედრაზე მან საინიციატივო ჯგუფის წევრები, მარიამ გუჯაბიძე და მარიამ ჯობავა ვილნიუსში და პარიზში დაგეგმილ ვიზიტებზე მიიწვია. ასევე, განაცხადა, რომ საერთაშორისო ტრიბუნიდან მოიწვევს ტურისტებს, რათა მათ გაუჩნდეთ სურვილი "საქართველოში გაატარონ ზაფხული, შემოდგომა თუ სხვა ნებისმიერი სეზონი".

2 კვირის წინ, ომის მეთერთმეტე წლისთავზე სოფელ გუგუტიანთკარში რუსულმა საოკუპაციო რეჟიმმა უკანონო ბორდერიზაციის პროცესი დაიწყო. რუსი სამხედროებმა ე.წ. საზღვარი გაავლეს საქართველოს მოქალაქეების, რაზმაძეებისა და გუგუტიშვილების ნაკვეთებში. საოკუპაციო ხაზს მიღმა მოექცა მათი საცხოვრებელი სახლი, ყანები და სავარაუდოდ, წყლის რეზერვუარი. საოკუპაციო რეჟიმმა სამი დღე მისცა ადგილობრივებს, სახლების დასაცლელად. რაზმაძეების ოჯახმა სახლი მთლიანად დაშალა და საშენი მასალა გამოიტანა.

მოსახლეობა დახმარებას ითხოვდა, თუმცა ქვეყნის პირველი პირები სოფელში რამდენიმე დღე არ გამოჩენილან. ცნობილი გახდა მხოლოდ ის, რომ მთავრობა მათ დახმარებას გაუწევდა. პრემიერი და პარლამენტის თავმჯდომარე კი სოფელში 2 კვირის შემდეგ, მაშინ ჩავიდნენ, რაც რაზმაძეების ოჯახმა სახლი დაშალა, თუმცა ამ ოჯახებს არ შეხვედრიან.