კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ყოფილი დირექტორის, ერეკლე კოდუას დედის, ბიზნესმენ ლაურა ღაჭავას მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო. ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის განცხადებით, ღაჭავას ბრალად ედება საგადასახადო დოკუმენტების გაყალბების გზით, დამატებითი ღირებულების გადასახადში ყალბი აქტივების შექმნა და ამ გზით სახელმწიფოსთვის 2 160 955 ლარის ზიანის მიყენება.

უწყებაში აღნიშნეს, რომ ბრალდებულმა ლაურა ღაჭავამ უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით სხვა პირებთან ერთად, საგადასახადო დეკლარაციებში ყალბი მონაცემები შეიტანა და ყალბი დოკუმენტები გააფორმა. მათივე თქმით, საშემოსავლოსა და სოციალური გადასახადის დეკლარაციების დაზუსტებისა და არარსებული ოპერაციებით მანიპულაციით ღაჭავამ თავის კომპანიას შეუქმნა რამდენიმე მილიონიანი ყალბი აქტივი დამატებული ღირებულების გადასახადში, რომლითაც შემდგომში იფარებოდა კომპანიების მიმდინარე საგადასახადო ვალდებულებები და ნავთობპროდუქტების იმპორტთან დაკავშირებული საბაჟო მოსარკებლები.

ლაურა ღაჭავა ბრალდების წარდგენის მიზნით, დღეს 14:00 საათზე დაბარებულია ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში. გამოძიება მიმდინარეოსბ სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ოთხიდან შვიდ წლამდე ვადით.