საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე სოფელ გუგუტიანთკარში ბორდერიზაციის უკანონო პროცესის დაწყებიდან 2 კვირაში ჩავიდა, თუმცა დაზარალებულ ოჯახებს არ შეხვედრია.

პრესსამსახურის გავრცელებული ინფორმაციიდან ირკვევა, რომ პრემიერი ესტუმრა მარღიშვილის ოჯახს, რომელმაც ის ტელევიზიით მიიწვია. თუმცა როგორც On.ge-ს პრესსამსახურმა დაუდასტურა ის არ შეხვედრია გუგუტიშვილებისა და რაზმაძეების ოჯახს, რომლებმაც უკანონო ბორდერიზაციის შედეგად სახლები და მიწის ნაკვეთები დაკარგეს.

უწყებაში განაცხადეს, რომ პრემიერმა უკვე დატოვა სოფელი. კითხვაზე, შეხვდება თუ არა ბახტაძე ამ ოჯახებს, პრესსამსახურში პასუხობენ: "თუ რამე სიახლე იქნება, აუცილებლად დაგირეკავთ".

გუგუტიანთკარში უკანონო ბორდერიზაციის პროცესი აგვისტოს ომის მე-11 წლისთავზე, 7 აგვისტოს დაიწყო და რამდენიმე დღეში შეწყდა. 15 აგვისტოს საოკუპაციო რეჟიმმა მუშაობა განახლა. რუსი სამხედროებმა ე.წ. საზღვარი გაავლეს საქართველოს მოქალაქეების, რაზმაძეებისა და გუგუტიშვილების ნაკვეთებში. საოკუპაციო ხაზს მიღმა მოექცა მათი საცხოვრებელი სახლი, ყანები და სავარაუდოდ, წყლის რეზერვუარი. საოკუპაციო რეჟიმმა სამი დღე მისცა ადგილობრივებს, სახლების დასაცლელად. რაზმაძეების ოჯახმა სახლი მთლიანად დაშალა და საშენი მასალა გამოიტანა.

მოსახლეობა დახმარებას ითხოვდა, თუმცა პრეზიდენტი, პრემიერი, პარლამენტის თავმჯდომარე და გორის მერი სოფელში რამდენიმე დღე არ გამოჩენილან. როგორც გორის მერმა განაცხადა, სოფელში შვებულების დასრულების შემდეგ ჩავიდოდა. მოსახლეობა მერის ამ პასუხს კრიტიკულად შეხვდა. რაც შეეხება პრეზიდენტს ის სოფელში შვებულებიდან დაბრუნების შემდეგაც არ ჩასულა და განაცხადა, რომ როცა საჭიროდ ჩათვლიდა მომხდარის შეფასებას, ჟურნალისტებს თავად აცნობებდა. პრემირი და პარლამენტის თავმჯდომარე კი სოფელში გუშინ ჩავიდნენ.