ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის განცხადებით, მათ საქართველოს ტურისტულ ობიექტებში რუბლში ვაჭრობის ინფორმაცია გადაამოწმეს და სამართალდარღვევის ფაქტები დადასტურდა. როგორც შემოსავლების სამსახურში ამბობენ, ბოლო ერთი წლის განმავლობაში ეროვნული ვალუტის გამოყენების წესების დარღვევის 84 შემთხვევა დაფიქსირდა.

ყაზბეგი-ფასანაურის გზის მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარე ობიექტებზე რუსულ რუბლში ვაჭრობის შესახებ ინფორმაცია აი, ფაქტმა გაავრცელა.

გამოცემამ ექსპერიმენტი ორ სასტუმროში, სამ კაფეში და გარემოვაჭრეებთან ჩაატარა და დაადგინა, რომ ყველა მათგანი მომსახურების საფასურს რუბლში იღებს. მათივე ცნობით, ტურისტებმაც დაუდასტურეს რომ ისინი მომსახურებაში რუბლს იხდიან.

როგორც შემოსავლების სამსახურში აცხადებენ, მათმა ოფიცრებმა ნატახტარი-გუდაურის გზის ტერიტორიაზე 20 გადამხდელი შეამოწმეს. აქედან ცხრაში დარღვეული იყო ეროვნული ვალუტის გამოყენების წესები, ხოლო შვიდ შემთხვევაში მომხმარებელთან ნაღდი ფულით ანგარიშსწორებისა არ იყო გამოყენებული საკონტროლო-სალარო აპარატი.

მათივე განცხადებით, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 241-ე მუხლის შესაბამისად, მასალები ქვემდებარეობით გადაეგზავნება შესაბამის სასამართლოს. საკონტროლო-სალარო აპარატის გამოუყენებლობის 7 შემთხვევაში გადასახადის გადამხდელთა მიმართ შედგა საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი და სანქციის სახით მათ შეეფარდათ გაფრთხილება.

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური კიდევ ერთხელ შეახსენებს მეწარმე სუბიექტებს, რომ ეროვნული ბანკის შესახებ საქართველოს ორგანული კანონის თანახმად, საქართველოს ტერიტორიაზე ლარი არის გადახდის ერთადერთი კანონიერი საშუალება, გარდა თავისუფალი ინდუსტრიული ზონებისა, თავისუფალი ვაჭრობის პუნქტებისა ან/და ეროვნული ბანკის მიერ განსაზღვრული შემთხვევებისა.