რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორის, პაატა სალიას თქმით, არხი გააგრძელებს სარეკლამო კომპანია ინტერმედიასთან თანამშრომლობას, თუმცა "მომავალში რა იქნება, ამაზე საუბარი ნაადრევია". ამავე დროს ინტერმედიას დამფუძნებლები ტელეკოამპანია ფორმულას ხსნიან. ბრიფინგზე On.ge-ის კითხვის პასუხად პაატა სალიამ განმარტა, თუ რატომ არ შეწყვეტდა ინტერმედიასთან ურთიერთობას, იმ ფონზე, როდესაც წამყვანი ეკა კვესიტაძე სხვა ტელევიზიასთან თანამშრომლობის დაწყების მოტივით გაუშვა.

"მათ [ინტერმედიას] აქვთ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება და ეს უნდა შესრულდეს. აქ საუბარია იმაზე, ხომ არ არის ამ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები ჩვენი კომპანიისთვის საზიანო? ან შეიძლებოდა თუ არა უკეთესი გარიგების დადება და ა.შ. ამაზე ახლა საუბარი ძალიან შორს წაგვიყვანს. თუ მივიჩნევთ, სამართლებრივ რეაგირებასაც გავაკეთებთ", — თქვა პაატა სალიამ და დაამატა ისიც, რომ მათ არ სურთ არავისთან "ურთიერთობის ხისტად დასრულება".

"ჩვენ თხოვნაც გვქონდა ფორმულა კრეატივის წარმომადგენლებთან, რომ გარკვეული პროდუქტი, მათ შორის, სერიალი ჩემი ცოლის დაქალები დარჩენილიყო ამ არხზე, წლის ბოლომდე მაინც გვქონოდა მეგობრული ურთიერთობა", — ამბობს სალია.

რუსთავი 2-ის გადაფორმებიდან ერთი თვის თავზე ახალმა დირექტორმა, პაატა სალიამ საინფორმაციო სამსახურის უფროსი, ნოდარ მელაძე სამსახურიდან გაათავისუფლა. მანვე აღნიშნა, რომ არხიდან ათავისუფლებს სხვა თანამშრომლებს, გიორგი გაბუნიას, ეკა კვესიტაძეს, გიორგი ლაფერაშვილსა და ნანუკა ჟორჟოლიანს. სალიამ მათი გათავისუფლების მიზეზად "ინტერესთა კონფლიქტი" და "შიდა ომები" დაასახელა.

გაიგეთ მეტი ჟურნალისტების გათავისუფლების მიზეზებზე: