რუსთავი 2-ის საინფორმაციო სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელი ნოდარ მელაძე არხიდან მისი გათავისუფლების მიზეზს ბოდვად აფასებს და ამბობს, რომ "საკადრო წმენდა" ხელისუფლების გადაწყვეტილებაა. მელაძე ამბობს, რომ გათავისუფლება უფრო ადრე იყო დაგეგმილი და არხის ახალი მფლობელი სხვადასხვა მიზეზებს ეძებდა. ის ხსნის, თუ როგორ განვითარდა მოვლენები.

მისი თქმით, რამდენიმე კვირის წინ ხელისუფლებასთან დაახლოებულმა პირებმა სცადეს მისი დაყოლიება იმაზე, რომ სარედაქციო საკითხები შეეთანხმებინა, რასაც არ დათახმდა. მისივე თქმით, ამის შემდეგ "ზეწოლის მეორე ტალღა" დაიწყო, როცა ქიბარ ხალვაშის გადაწყვეტილებით მას ხელფასი არ ჩაურიცხეს.

მელაძე ამბობს, რომ ხელფასი ივნისის შემდეგ არ ჩარიცხვია, რაზეც აცნობა დირექტორსაც და HR-საც, თუმცა, პასუხობდნენ, რომ არხს ფინანსური პრობლემები ჰქონდა. მისი თქმით, 2 კვირის წინ დირექტორმა, პაატა სალიამ უთხრა "კაცურად მიეცა 2 დღე და ამ თემას მოაგვარებდა", თუმცა პირობა არ შეასრულა და გაათავისუფლა.

მელაძემ განმარტა, რომ მისი გათავისუფლების არგუმენტი "ნიკა გვარამიასთან ბმა და წლიური ბონუსის მიღებაა", რაც ამტკიცებს, რომ "გამონახული მიზეზია".

"ნიკა გვარამია იყო დირექტორი და შესაბამისად, წლიურ ბონუსს გასცემდა. ძალიან მარტივი არის. კერძო კომპანია მის თანამშრომელს, რომელიც ქმნის მაღალრეიტინგულ სატელევიზიო პროდუქტს, რომლის ერთ წუთსაც ტელევიზია ყიდის $15 000, ბონუსს გამოუწერს ან არ გამოუწერს. ეს არის დირექტორის გადასაწყვეტი და არა თანამშრომლის. ამის შემდეგ პაატა სალიამ მიიღო ეს გადაწყვეტილება, რომ ჩემი ხელფასი გაეჩერებინა და დღეს მითხრა, რომ 2016 წელს აღებული ბონუსი არის ჩემი გათავისუფლების საფუძველი, რაც არის ბოდვა და მე მას ვუპასუხე, რომ ეს არის ერთ-ერთი იმ მიზეზთაგან, რომლის ძებნასაც ცდილობდნენ", — განაცხადა მან.

მელაძის თქმით, მედია, სადაც იმუშავებს ყოველთვის იქნება კრიტიკული ხელისუფლების მიმართ და არ აპირებს დაბრუნდეს წარსულში, როცა სახელისუფლებო მედიაში მუშაობდა.

ნოდარ მელაძე სამსახურიდან ქიბარ ხალვაშის მიერ რუსთავის 2-ის გადაფორმებიდან ერთი თვის თავზე გაათავისუფლეს. გარდა ამისა, არხიდან ათავისუფლებენ გიორგი გაბუნიას, ეკა კვესიტაძეს, გიორგი ლაფერაშვილსა და ნანუკა ჟორჟოლიანს. ახალმა დირექტორმა, პაატარა სალიამ მათი გათავისუფლების მიზეზად "ინტერესთა კონფლიქტი" და "შიდა ომები" დაასახელა.

გაიგეთ მეტი ჟურნალისტების გათავისუფლების მიზეზებზე: