"ჩემს ცხოვრებაში მქონია პერიოდი, როდესაც მიმუშავია სახელისუფლებო ტელევიზიაში და აღარ ვაპირებ უკან დავუბრუნდე წარსულს. ტელევიზია და მედია, სადაც ვიმუშავებ, ყოველთვის იქნება ხელისუფლების მიმართ კრიტიკული", — ასე გამოეხმაურა რუსთავი 2-ის საინფორმაციო სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელი ნოდარ მელაძე გათავისუფლებას.

მელაძემ აღნიშნა, რომ მისი გათავისუფლება დიდი ხნის წინ დაიგეგმა, უბრალოდ, ხელმძღვანელობა "შესაფერის მომენტს ეძებდა". მისივე თქმით, დიდი ხანია მიმდინარეობს იმის მცდელობებიც, რომ არხის სარედაქციო პოლიტიკა გაკონტროლდეს. კერძოდ, როგორც მან აღნიშნა ხელისუფლებისგან დაახლოებული პირისგან მიიღო შეთავაზება, თანამდებობის სანაცვლოდ თემების შეეთანხმებინა, რასაც არ დათანხმდა.

მელაძემ განმარტა, თუ რატომ არის მნიშვნელოვანი კრიტიკული მედიის არსებობა სახელმწიფოსთვის.

"კრიტიკული მნიშვნელოვანია თავად ხელისუფლებისთვის, რომელიც არ აძლევს საშუალებას ხელისუფლებას, რომ გადაიჩეხოს თავად და გადაჩეხოს ქვეყანა უფსკრულში. ასეთი იყო კურიერი რომელსაც ჩვენ, კურიერის გუნდი ვაკეთებდით", — ამბობს ის.

მისი თქმით, სამსახურის რამდენიმე შეთავაზება აქვს, მათ შორის მოქმედი ტელევიზიიდან, თუმცა ამ ეტაპზე გადაწყვეტილება არ მიუღია.

ნოდარ მელაძე სამსახურიდან დირექტორმა პაატა სალიამ დღეს გაათავისუფლა. მანვე აღნიშნა, რომ არხიდან ათავისუფლებს სხვა თანამშრომლებს გიორგი გაბუნიას, ეკა კვესიტაძეს, გიორგი ლაფერაშვილსა და ნანუკა ჟორჟოლიანს. სალიამ მათი გათავისუფლების მიზეზად "ინტერესთა კონფლიქტი" და "შიდა ომები" დაასახელა.

გაიგეთ მეტი ჟურნალისტების გათავისუფლების მიზეზებზე: