ლიეტუველ პარლამენტართა ჯგუფმა საქართველოში საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მავთულხლართების გავლებაზე საქართველოს მხარდამჭერი განცხადება გაავრცელა და მოუწოდა რუსეთის ფედერაციას, შეწყვიტოს უკანონო ქმედებები საქართველოს წინააღმდეგ.

სეიმის წევრთა 13-კაციანი ჯგუფი კიდევ ერთხელ გამოხატავს მტკიცე მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. ჯგუფი მოუწოდებს, რუსეთის ფედერაციას დაიცვას საერთაშორისო სამართლის ნორმები, შეწყვიტოს უკანონო მოქმედებები საქართველოსა და მისი მოქალაქეების წინააღმდეგ და სრულად შეასრულოს აღებული საერთაშორისო ვალდებულებები.

სეიმის წევრთა ჯგუფის განცხადებაში დაფიქსირებულია მოთხოვნა გაუქმდეს საქართველოს აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონების "დამოუკიდებლობის" უკანონო აღიარება. ასევე, საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში დაუშვან ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია და ადამიანის უფლებათა საერთაშორისო დამკვირვებლები.

განცხადებით ასევე მოუწოდებენ საერთაშორისო საზოგადოებას, კვლავ აქტიურად იმოქმედოს კონფლიქტის მშვიდობიანი გადაწყვეტისა და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხზე.

საქართველოში არსებულ მდგომარეობას ასევე გამოეხმაურა ლიეტუვის სეიმის წევრი, საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი ჟიგიმანტას პაილიონისი:

"ლიეტუვა ყოველთვის წარმოადგენდა საქართველოს ძირითად მოკავშირეს დასავლეთში... 11 წლის წინ აგვისტოში, როდესაც რუსეთი შეიჭრა საქართველოს ტერიტორიაზე, ჩვენც ვიყავით ერთადერთი, რომელთაც ვცადეთ დაგვერწმუნებინა ევროკავშირისა და ნატოს ქვეყნები, არ მიეტოვებინათ საქართველო მარტო, სამწუხაროდ, მაშინ დასავლეთმა ჩვენი ხმა ვერ გაიგო და გვიან მოახდინა რეაგირებაც — მხოლოდ უკრაინის ოკუპაციის შემდეგ. არ შეიძლება რუსეთს მივცეთ ნება, კვლავ გააგრძელოს ჩვენი მოკავშირეების მიმართ პროვოკაციები. ყველანი ვალდებული ვართ რეაგირება მოვახდინოთ საქართველოში მდგომარეობის დესტაბილიზაციის მცდელობებზე. ეჭვი არ მეპარება, რომ ეს საკითხი განხილული იქნება საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის ლიეტუვაში მომავალი ვიზიტის დროს, როცა ის მონაწილეობას მიიღებს პრეზიდენტის ვალდას ადამკუსის სახელობის მესამე კონფერენციაში".

დოკუმენტს სეიმის სხვადასხვა ფრაქციათა 13 წევრმა მოაწერა ხელი, კერძოდ, საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ იუოზას ბერნატონისმა, ევროპულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ და ვიცე-პიკერმ გედიმინას კირკილასიმ, საგარეო საქმეთა მინისტრმა ლინას ლინკევიჩიუსმა, სეიმის წევრებმა ჟიგიმანტას პავილიონისმა, აუდრონიუს აჟუბალისმა, ლაურინას კაჩშიუნასმა, მანტას ადომენასმა, ემანუელის ზინგერისმა, ვიქტორია ჩმილიტე-ნილსენმა, რუტა მილიუტესმა, ეგიდიუს ვარეიკისმა, აუშრინე არმონაიტემ, ასევე მმართველი პარტიის მწვანეთა და ფერმერთა კავშირის თავმჯდომარემ რამუნას კარბაუსკისმა.