ჩვენს საუკეთესო ოთხფეხა მეგობრებს საოცარი ინსტინქტები აქვთ, რომლებსაც ადამიანები სხვადასხვა მიზნისთვის ოდითგანვე ვიყენებთ, იქნება ეს ნადირობა, სამაშველო და სამძებრო ოპერაციები, საკვების პოვნა, თუ რაიმე სხვა.

თუმცა ყველა პატრონი გეტყვით, რომ ძაღლები თითქმის ყოველთვის მზად არიან, რომ ნებისმიერი რამე შეჭამონ. ბუნებაში კი ზოგიერთი მცენარე მათთვის, შესაძლოა, მომწამლავი აღმოჩნდეს.

იმის გასარკვევად, თუ რომელ მომწამლავ მცენარეებს შეიძლება გადავაწყდეთ ძაღლის სეირნობისას და რა გართულებები შეიძლება მოჰყვეს ამას, On.ge აგრარული უნივერსიტეტის პროფესორს, ვეტერინარ გიორგი მელაშვილს დაუკავშირდა.

წარმოგიდგენთ მისი რეკომენდაციით შედგენილ ტოქსიკური მცენარეების სიას.

1. ლენცოფა

ფოტო: Mike Norton

ლენცოფა ერთ-ერთი ფართოდ გავრცელებული შხამიანი მცენარეა. განსაკუთრებით შხამიანია შავი ლენცოფა. ლენცოფა ალკალოიდებს — ჰიოსციამინს, ატროპინსა და სკოპოლამინს შეიცავს. ის ზოგჯერ სამკურნალოდაც გამოიყენება, თუმცა მაღალი ტოქსიკურობის გამო მისი დოზების შერჩევა დიდი სიფრთხილით უნდა მოხდეს. ლენცოფით მოწამვლა, შესაძლოა, სიკვდილითაც დასრულდეს. ის საფრთხის შემცველი არამხოლოდ ძაღლებისთვის, არამედ ადამიანებისთვისაცაა.

2. ყურძენი

ყურძენი და ქიშმიში ძაღლებისთვის მომწამლავია და ეს ლიტერატურაში კარგადაა აღწერილი. დაზუსტებით ცნობილი არ არის, ყურძენში შემავალი კონკრეტულად რომელი ნაერთი იწვევს მსგავს რეაქციას, თუმცა ყურძნის მცირე რაოდენობით მიღებაც კი ძაღლისთვის, შესაძლოა, ფატალურად დასრულდეს.

3. ძაღლყურძენა

ფოტო: Forest & Kim Starr

ძაღლყურძენა სერიოზულ საფრთხეს არამხოლოდ ძაღლებისთვის შეიცავს, არამედ კატებისა და ცხენებისთვისაც. მთავარ საფრთხეს ძაღლყურძენაში შემავალი საპონინები და სოლანინები წარმოადგენენ.

4. ოლეანდრა

ფოტო: Alves Gaspar

ოლეანდრა საგულე გლიკოზიდებს შეიცავს, რომლებიც გულ-სისხლძარღვთა, საჭმლის მომნელებელ და ნერვულ სისტემაზე ახდენენ გავლენას. ოლეანდრა განსაკუთრებით ტოქსიურია ძაღლებისთვის, ცხენებისთვის, კატებისთვის, ისევე როგორც ადამიანებისთვის. მისი მიღება, შესაძლოა, სიკვდილით დასრულდეს.

5. სურო

ფოტო: Bernd Sauerwein

სურო მხოხავი ბუჩქებია, რომლებიც კლდებზე, ხეებზე, ხის და ქვის კედლებზე იზრდება. საქართველოში გვხვდება სამი სახეობა. სურო საპონინებს შეიცავს, რაც ძაღლებისა და კატებისთვის მომწამვლელია. ძაღლებში სიმპტომები მოიცავს მუცლის ტკივილს, გულისრევას, დიარეას და გახშირებულ ნერწყვდენას.

რა თქმა უნდა, ეს თქვენი ოთხფეხა მეგობრისთვის საშიში მცენარეების სრული სია არ არის. სეირნობისას საჭიროა, რომ ფრთხილად იყოთ და მუდმივად ყურადღება მიაქციოთ, რომ თქვენმა ძაღლმა რაიმე უცნობი, პოტენციურად საშიში მცენარე არ შეჭამოს.

თუ თქვენს ძაღლს რაიმე სიმტპომებს შეამჩნევთ, ან ჩათვლით, რომ მას, შესაძლოა, რომელიმე მომწამლავი მცენარე შეეჭამა, დაუყოვნებლივ დაუკავშირდით ვეტერინარს.