ტიმოთესუბნის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ეკლესიის არქიმანდრიტი იორომიელი კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს კრიტიკის გამო აკრიტიკებს. კერძოდ, არქიმანდრიტი ამბობს, რომ არ მოეწონა სააგენტოს "იმპერიული ტონი", რომლითაც ისინი ამბობდნენ, რომ მონასტერში დამონტაჟებული სათავსო დასაშლელია. მისი თქმით, არც კი სჯერა, რომ ასეთ განცხადებას ისინი გაავრცელებდნენ.

არქიმანტრიტი ამტკიცებს რომ კარადის ჩაშენებით კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი არ დაზიანებულია. პირიქით, მისი თქმით, კარადამ დაშავებული და დაზიანებული კედელი დაფარა. ამის შესახებ მან ტელეკომპანია იმედთან ისაუბრა.

სააგენტოს სპეციალისტები ტიმოთესუბანში დღეს უნდა ჩავიდნენ. მათი თქმით, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე განხორციელებული სამუშაოების ზეგავლების ხარისხს შეისწავლიან და ადგილობრივ სასულიერო პირებს მის დემონტაჟს მოსთხოვენ. სააგენტო აცხადებს, რომ თვითნებურად დამონტაჟებული სათავსო ეროვნული კატეგორიის სტატუსის მქონე უძრავი ძეგლის ინტერიერთან სრულ შეუსაბამობაშია და მის კულტურულ ღირებულებას ხელყოფს.

ტიმოთესუბნის ღვთისმშობლის სახელობის მონასტერი XII-XIII საუკუნეების მიჯნაზეა აგებული. ტაძარი ქართული მოვარდისფრო აგურებითაა ნაგები. ფრესკების დიდი ნაწილი დღემდე შენარჩუნებულია. ტაძრის მოხატულობა 1205-1216 წლებით თარიღდება.

რამდენიმე კვირით ადრე სასულიერო პირებმა თვითნებურად აყარეს იატაკი ყინწვისის მონასტერშიც და მეტლახი დააგეს. მაშინ კულტურული მემკვიდრეობის საგენტო ამბობდა, რომ ამით ისტორიული ძეგლი არ დაზიანებულა.