შინაგან საქმეთა სამინისტრო ონლაინმედიის წარმომადგენლებს კვლავ არ უშვებს გუგუტიანთკარში, სადაც რამდენიმე დღეა უკანონო ბორდერიზაცია მიმდინარეობს. უწყება ამ გადაწყვეტილებას "უსაფრთხოების კონტროლით" ხსნის.

გუგუტიანთკარში მუშაობა კვლავ ნებადართულია ტელევიზიებისა და საერთაშორისო მედიის წარმომადგენლებისთვის. შსს არ ზღუდავს არც ტელევიზიების ფოტოგრაფების ადგილზე შეშვებას.

15 აგვისტოს გორის მუნიციპალიტეტის სოფელ გუგუტიანთკარში საოკუპაციო რეჟიმმა ე.წ. საზღვრის გავლების უკანონო პროცესი განაახლა. სწორედ ამ დროიდან ითხოვს On.ge ადგილეზე მუშაობის უფლების მიცემას.

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭომ შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაწყვეტილებას დისკრიმინაციული უწოდა. საბჭო აცხადებს, რომ არ შეიძლება ჟურნალისტების დაყოფა იმის მიხედვით, თუ რა პლატფორმით ავრცელებენ ისინი ინფორმაციას.

"ონლაინგამოცემები, ტელემედიის მსგავსად, საზოგადოების ინფორმირებისთვის მუშაობენ და ხშირად პირველები სწორედ ისინი ავრცლეებენ ამბებს. ამასთან საგულისხმოა, რომ საქართველოში იმ პირთა რიცხვი ვინც ინფორმაციას ონლაინ მედიით იღებს ყოველწიურად იზრდება", — წერია განცხადებაში.