"გახარია, წადი!" — ბახმაროში ფერისცვალების დღესთან დაკავშირებით გამართული დოღის მიმდინარეობისას მთაზე ამ შინაარსის ბანერი გამოფინეს. სახალხო ზეიმს ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ოზურგეთის საკრებულოს ფრაქცია ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის, დავით მჟავანაძის თქმით, სადაც ხელისუფლების წევრები იქნებიან, ყველგან მივლენ და მოითხოვე შს მინისტრის პოსტიდან გიორგი გახარიას გადადგომას.

"აბსოლუტურად, სადაც ისინი მივლენ, ყველგან მივალთ, ყველგან დავდგებით და ვეტყვით ხელისუფლებას, რომ ისინი არიან ყაჩაღები, ისინი არიან მკვლელები და არიან ადამიანები, რომლებმაც ახალგაზრდებს თვალები დათხარეს და ყოველთვის შევახსენეთ, რომ გახარია უნდა გადადგეს", — აცხადებს მჟავანაძე.

გიორგი გახარიას გადადგომას 20 ივნისს მიმდინარე აქციის ძალის გამოყენებით დაშლის გამო ითხოვენ. აქციაზე საქართველოში რუსი დეპუტატის, სერგეი გავრილოვის ვიზიტსა და პარლამენტის თავმჯდომარის სკამიდან რუსულ ენაზე განცხადების გაკეთებას აპროტესტებდნენ. 20 ივნისის ღამეს შსს-ს სპეციალურმა რაზმმა აქცია ძალის გამოყენებით რეზინის ტყვიებით, ცრემლსადენი გაზითა და წყლის ჭავლით დაშალა. მათი პოზიციით, იგეგმებოდა საქართველოს პარლამენტზე, როგორც ინსტიტუტზე შტურმი და დამხობა. დაშლის დროს დაშავდა ასობით ადამიანი, მათგან ორმა თვალი დაკარგა.