რუსთავი 2-ის მფლობელის, ქიბარ ხალვაშის ინფორმაციით, ტელეკომპანიის ყიდვის რეალური მსურველი არ გამოჩნდა. მისი თქმით, რთული ფინანსური მდგომარეობის დაძლევას საკუთარი ძალებით შეეცდება. ხალვაშის განცხადებას რუსთავი 2 ავრცელებს.

"საზოგადოებისთვის ცნობილია, თუ რეალურად რა მდგომარეობაში დაგვიბრუნდა რუსთავი 2. დღეს უკვე ყველასათვის ნათელია, რომ ტელეკომპანია, რომელსაც ჰქონდა ყველა შესაძლებლობა, ყოფილიყო გამართული და წარმატებული, რეალურად ფინანსური კატასტროფის წინაშე დგას. როგორც იცით, მისი დავალიანება კრედიტორების წინაშე 70 მილიონ ლარს აჭარბებს. ცხადია, ამას აქვს თავისი მიზეზები: მათ შორის, ყოფილი გენერალური დირექტორის მიერ კომპანიის ინტერესების საზიანოდ მოქმედება, შემოსავლების ხელოვნური შემცირება და ხარჯების მაქსიმალური გაზრდა", — აღნიშნავს ხალვაში.

მისი თქმით, არჩევანის წინაშე დგას: დაიწყოს კომპანიის გაკოტრების პროცესი, ან სცადოს მისი გადარჩენა.

"მე მივიღე გადაწყვეტილება, რომ რუსთავი 2 არ გაკოტრდეს, რისთვისაც გამოვიყენებ ყველა ჩემს რესურსს და შესაძლებლობას. რუსთავი 2 უნდა გახდეს კომერციულად გამართული და მომგებიანი ტელევიზია, რომელიც არ იქნება დამძიმებული პოლიტიკური თუ სხვა სახის ვალდებულებებით და ამ ვალდებულებებს არ გადააყოლებს ტელეკომპანიის ინტერესებს. მე მაქვს ბიზნესში მრავალწლიანი წარმატებული გამოცდილება და ვფიქრობ, რომ იმ ადამიანებთან ერთად, ვისთვისაც მნიშვნელოვანია ტელეკომპანიის ინტერესები, გავუმკლავდები ამ პრობლემებს. ამასთან ერთად ვაცნობიერებ, რომ მომიწევს რთული მოლაპარაკებები კრედიტორებთან, რათა კომპანიამ შეძლოს გამართული ფუნქციონირება და კრიზისიდან გამოსვლა. თუმცა, ვფიქრობ, ეტაპობრივად ყველა სირთულეს დავძლევთ", — ამბობს ხალვაში.

ხალვაში აღნიშნავს, რომ უპირველეს ვალდებულებად თვლის, რუსთავი 2 მიხეილ სააკაშვილისგან გაათავისუფლოს, საზოგადოების სამსახურში დააყენოს და დაიბრუნოს ნდობა.

"იყოს კრიტიკული და მწვავე, მაგრამ ამავდროულად მაღალი პროფესიული და ეთიკური სტანდარტების მატარებელი. ამავე დროს, გავაგრძელებ სამართლებრივ დავას ყოფილ გენერალურ დირექტორთან, რომელიც, როგორც ყველასთვის ნათელი გახდა, შეგნებულად ანგრევდა არხს, აზარალებდა მის ინტერესებს და არხს მხოლოდ სააკაშვილის პოლიტიკური ბრძოლის იარაღად იყენებდა. ვიმედოვნებ, რომ ტელეკომპანია შეძლებს დაიბრუნოს მისგან უკანონოდ მითვისებული თანხები, რაც საბოლოოდ ისევ არხის კეთილდღეობას მოხმარდება. დარწმუნებული ვარ, რომ რუსთავი 2 უახლოეს მომავალში იქნება როგორც ფინანსურად, ასევე პოლიტიკურად დამოუკიდებელი ტელეკომპანია, ხოლო რეალურად დამოუკიდებელი ჟურნალისტები და პოლიტიკური ინტერესებისგან თავისუფალი, მძლავრი მედია საზოგადოების საუკეთესო ინტერესებს მოემსახურება. კომპანიის გაჯანსაღებისათვის უახლოეს პერიოდში შევიმუშავებ კონკრეტულ სამოქმედო გეგმას, რომელსაც აუცილებლად განვახორციელებთ და მივაღწევთ დასახულ მიზანს!" — ნათქვამია ხალვაშის განცხადებაში.

სტრასბურგის გადაწყვეტილებიდან თითქმის ერთი თვის თავზე, 12 აგვისტოს ცნობილი გახდა, რომ რუსთავი 2-ის 100-პროცენტიანი წილის მფლობელი, ქიბარ ხალვაში ტელეკომპანიას ყიდის. მყიდველის გამოჩენისთვის მას ერთკვირიანი ვადა ჰქონდა დაწესებული.