მეცნიერები ცდილობენ ვეიპინგსა და კრუნჩხვების კლინიკურ შემთხვევებს შორის მიზეზ-შედეგობრივი კავშირი იპოვნონ. აშშ-ს საკვებისა და წამლების ადმინისტრაცია (FDA) ელექტრო-სიგარეტის მოხმარების შესაძლო გვერდითი ეფექტის 127 შემთხვევას იკვლევს. კლინიკური შემთხვევები 2010 — 2019 წლების ინტერვალში დაფიქსირდა. კრუნჩხვების გარდა ადამიანთა ნაწილი ასევე კანკალსა და გონების ხანმოკლე დაკარგვის ეპიზოდებს უჩიოდა.

აპრილში FDA-მ გამოაცხადა, რომ ვეიპინგთან შესაძლოა კავშირში იყოს კრუნჩხვების 35 კლინიკური შემთხვევა. ეს მაჩვენებელი განსაკუთრებით თვალშისაცემი ახალგაზრდა ასაკის ადამიანებში გახლდათ.

"კრუნჩხვები და კონვულსიები ნიკოტინური მოწამვლის კარგად ცნობილ გვერდით ეფექტს წარმოადგენს" — განმარტა მაშინ სააგენტომ.

ამჟამად კიდევ დამატებით 92 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა და FDA ჯერ-ჯერობით გამოკვეთილ კანონზომიერებას ვერ ასახელებს.

კრუნჩხვები არამარტო დამწყებ, არამედ გამოცდილ ვეიპერებსაც აღენიშნათ. ზოგიერთ დაზარალებულს ეს დიაგნოზი მანამდეც ჰქონდა დასმული, ხოლო რამდენიმე კი e-სიგარეტთან ერთად სხვა ნარკოტიკულ საშუალებებსაც მოიხმარდა.

"FDA აგრძელებს მოკვლევას, რათა დაადგინოს, არის თუა არა პირდაპირი კავშირი ელექტო-სიგარეტის მოხმარებასა და კრუნჩხვებისა თუ სხვა ნევროლოგიური სიმპტომების რისკ-ფაქტორებს შორის. აქამდე ჯერ კიდევ არ გვაქვს საკმარისი ინფორმაცია იმის დასადგენად, იწვევს თუ არა e-სიგარეტის მოხმარება აღნიშნულ შემთხვევებს. დამატებითი ინფორმაცია მოგვეშველბა რისკ-ფაქტორების იდენტიფიცირებასა და იმის დადგენაში, რომელიმე სპეციფიკური e-სიგარეტის პროდუქტი, მაგალითად ხსნარში ნიკოტინის შემცველობა ან მისი ფორმულა, ხომ არ არის ამ ყოველივეს გამომწვევი. მსგავსი შემთხვევების შესახებ დამატებითი მოხსენებები ან უფრო მეტად დეტალური ინფორმაცია სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ჩვენი შემდგომი ანალიზისთვის" — განაცხადა ექიმმა ნედ შარპლესმა, FDA-ს კომისარმა.