საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა სარეკლამო რგოლი ჩაწერა, სადაც საქართველოში "გათენებასა" და "წყვდიადიდან" გამოყვანაზე ისაუბრა. მისი თქმით, საქართველოს შეუძლია პოლონეთივით განვითარდეს.

"მე ერთხელ უკვე გამოვიყვანე საქართველო წყვდიადიდან, ახლა იგივე არის გასაკეთებელი. ჩვენ შეგვიძლია ბევრი რამე გავაკეთოთ უკეთესად, ვიდრე არის ევროპაში, პოლონეთში, ესტონეთში, ლიეტუვაში", — ამბობს სააკაშვილი.

მისი თქმით, უნდა გაუქმდეს დღგ-ს გარდა ყველა გადასახადი და შეიქმნას მცირე ზომის მთავრობა და მიზნობრივი ჯანდაცვის სისტემა.

"მთავრობა შემცირდება, ფულს ვეღარ მოიპარავენ. სად წავა ეს ფული? — ყველა ეს თეთრი, რომელიც არ შეიჭმევა ამათ [მთავრობის] მიერ, წავა სოციალურად დაუცველებზე", — დასძენს ექსპრეზიდენტი.