მმართველი პარტიის დეპუტატი ბიძინა გეგიძე ამბობს, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს მიერ მის წინააღმდეგ დაწყებული გამოძიება პოლიტიკურ საქმიანობას უკავშირდება. გეგიძე ამ კონტექსტში ექსპრემიერ გიორგი კვირიკაშვილთან მეგობრობასაც ასახელებს, თუმცა არ ამბობს, რომ გამოძიება ამის გამოა დაწყებული. მისი თქმით, გამოძიება სწორედ კვირიკაშვილის გადადგომიდან რამდენიმე კვირაში დაიწყო.

"მოკვლევა დაიწყო 2018 წლის ზაფხულში, ანუ მაშინ როდესაც საკმაოდ აქტიური ვიყავი, მთელი ჩემი რეგალიებიდან გამომდინარე და მქონდა ჩემი კრიტიკული ხედვები, პოზიციები და არგუმენტები პოლიტიკურ პროცესებზე. პარალელურად მოხდა ის, რომ გადადგა ექსპრემიერი კვირიკაშვილი, ჩემი მეგობარი, ეს ყველამ იცის და გამოძიება დაიწყო. კვირიკაშვილი გადადგა ივნისის შუა რიცხვებში და გამოძიება დაიწყო ივნისის ბოლოს, 2 აგვისტოს როგორც სუსი აცხადებს... გამოძიება დაიწყო ჩემი აქტიური პოლიტიკური მოღვაწეობის დროს, აქედან გამომდინარე ლოგიკურია, რომ ანტიკორუფციული სააგენტოს მიერ დაწყებული პროცესი უკავშირდებოდეს ჩემს პოლიტიკურ მოღვაწეობას", — განმარტავს გეგიძე.

გეგიძე გამოყოფს რამდენიმე მაგალითს, რაზეც მისი თქმით, კრიტიკული პოზიცია ჰქონდა და რასაც შეიძლება უკავშირდებოდეს გამოძიების დაწყება. მათ შორისაა ქართულ ოცნებაში მიმდინარე პროცესების "გაჯანსაღებისა" და ცვლილებების აუცილებლობაზე საუბარი. ასევე, "ეროვნული ინტერესების რანგში აყვანილი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების სია" და ბრძოლა ეკოლოგიისა და რეკრეაციული სივრცეების შესაქმნელად ვაკეში.

გეგიძე ამბობს, რომ გამოძიებას არ უკავშირებს დეპუტატ ნიკა მელიას იმუნიტეტის შეჩერების საკითხზე მის პოზიციას. მისი თქმით, გამოძიება გაცილებით უფრო ადრეა დაწყებულია, ვიდრე ეს საკითხი.

ბიძინა გეგიძე ანტიკორუფციულ სააგენტოში გამოკითხვაზე დღეს, 19 აგვისტოს 11 საათზე იყო დაბარებული, თუმცა არ მისულა. მისი თქმით, სუსი ამის შესახებ ინფორმირებული იყო და გამოკითხვაზე სხვა დროს მივა.

უწყებაში განმარტავენ, რომ გამოძიება 2018 წლის 2 აგვისტოდან მიმდინარეობს და გეგიძის წინა სამსახურებრივ საქმიანობას უკავშირდება. უწყება არ აკონკრეტებს რომელს. მათი თქმით, გეგიძე დაკითხვაზე მოწმის სახითაა დაბარებული.