კვლევების უმეტესობა მიუთითებს, რომ ადამიანები ბავშვების გარეშე უფრო ბედნიერები არიან, ვიდრე ბავშვებით. ახლახან ჟურნალ PLOS One-ში გამოქვეყნდა კვლევა, რომელიც საპირისპიროზე მეტყველებს, თუმცა არის ერთი გასათვალისწინებელი დეტალი. ადამიანები, რომლებსაც ბავშვები ჰყავთ, უფრო ბედნიერები მხოლოდ ცხოვრების გვიან ფაზაში არიან, ანუ მაშინ, როდესაც ბავშვები ცალკე, დამოუკიდებლად ცხოვრებას იწყებენ.

ბედნიერების შესაფასებლად ჩატარებული კვლევების უმეტესობაში აქცენტი იმ მშობლებზე კეთდება, რომლებიც შვილებთან ერთად ცხოვრობენ. ამ კვლევების მიხედვით, ასეთი მშობლები იმ ადამიანებთან შედარებით, რომლებსაც შვილები არ ჰყავთ, ნაკლებად ბედნიერები არიან, რადგან მათ ნაკლები თავისუფალი დრო და ფული აქვთ.

ჰეიდელბერგის უნივერსიტეტის პროფესორმა ქრისტოფერ ბეკერმა კოლეგებთან ერთად გადაწყვიტა დაედგინა, მიიღებდა თუ არა ის განსხვავებულ შედეგს იმ მშობლებზე დაკვირვებისას, რომელთა შვილებიც ცალკე, დამოუკიდებლად ცხოვრობდნენ. ამის დასადგენად მათ ევროპის მასშტაბით 55 000 ადამიანი გამოკითხეს, 50 წლიდან და ზევით.

გამოკითხვის შედეგად გაირკვა, რომ ამ ასაკში ადამიანები, რომლებსაც შვილები ჰყავდათ, იმ ადამიანებთან შედარებით, რომლებსაც შვილები არ ჰყავთ, ცხოვრებით უფრო კმაყოფილები იყვნენ, მათ დეპრესიის სიმპტომებიც ნაკლებად აღენიშნებოდათ. ეს დადებითი გავლენა მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიმჩნეოდა, თუ ისინი შვილებისგან განცალკევებით ცხოვრობდნენ.

ამის მიზეზი, შესაძლოა, ის იყოს, რომ ბავშვების ცალკე გადასვლისას მშობლებს მათი მოვლისგან გამოწვეული ყოველდღიური სტრესი ეხსნებათ, თუმცა ის სოციალური მხარდაჭერა და უპირატესობები, რასაც ბავშვის ყოლა განაპირობებს, კვლავ რჩება. ბავშვები ზოგჯერ მშობლებს ფინანსურ და სხვა სახის დახმარებასაც უწევენ, რაც ასევე დადებით გავლენას ახდენს.

"ბავშვების მიერ მშობლებზე ზრუნვა და მათი მხარდაჭერა, როგორც ჩანს, გარკვეული დროის შემდეგ მშობლობის უარყოფით მხარეებს ანეიტრალებს", — აცხადებს ბეკერსი.