"განცხადება უნდა იყოს სერიოზული და არა ქუჩაში გაკეთებული", — ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა თავის სახლთან რუსთავი 2-ის ჟურნალისტს უთხრა. ჟურნალისტმა მას შეახსენა, რომ გუგუტიანტთკართან დაკავშირებით განცხადება ამ დრომდე არ გაუკეთებია.

ზურაბიშვილი ამბობს, რომ იცის ყველაფერი, რაც გუგუტიანთაკარში ხდება.

"ყველაფრის შესახებ გაგაფრთხილებთ, როცა გადავწყვეტ განცხადების გაკეთებას ან სხვა უფრო სერიოზულ რამეს. მე ვიყავი გასულ კვირას, ვიცი ყველაფერი, რაც ხდება და ვაპირებთ, რომ... სერიოზულად მუშაობს მთავრობა და მეც ვარ ჩართული, გილოცავთ ფერისცვალებას!" — უთხრა პრეზიდენტმა ჟურნალისტს.

გუგუტიანთკარში უკანონო ბორდერიზაციის პროცესი აგვისტოს ომის მე-11 წლისთავზე, 7 აგვისტოს დაიწყო. რუსი სამხედროები ძელებს არჭობენ საქართველოს მოქალაქეების, რაზმაძეებისა და გუგუტიშვილების ნაკვეთებში. ე.წ. საზღვარს მიღმა ექცევა მათი საცხოვრებელი სახლი, ყანები და წყლის რეზერვუარი. საოკუპაციო რეჟიმმა სამი დღე მისცა ადგილობრივებს სახლების დასაცლელად. ისინი სახლს მთლიანად შლიან და საშენი მასალა გამოაქვთ.