აშშ-ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა სტრატეგიული მიზნებისთვის ყველაზე დიდი კუნძულის, გრენლანდიის ყიდვის სურვილი გამოთქვა. ტრამპმა აღნიშნა, რომ ამავე დროს ეს ნომერ პირველი საკითხი არაა. ტრამპის იდეას არ იზიარებენ გრენლანდიასა და დანიაში.

გრენლანდია ჩრდილოეთ ყინულოვან და ატლანტის ოკeანეებს შორის, ჩრდილოეთ ამერიკის კონტინენტთან მდებარეობს. ყველაზე დიდი კუნძული ამჟამად დანიის დაქვემდებარებაშია და ფართო ავტონომიით სარგებლობს.

Reuters-ის ინფორმაციით, აშშ-ს მიერ გრენლანდიის ყიდვის შესახებ ინფორმაცია წინა კვირას გავრცელდა. დონალდ ტრამპმა კი თავისი სურვილი ჟურნალისტებს 18 აგვისტოს დაუდასტურა.

"არსებითად, დანიას ეკუთვნის ის... ჩვენ კარგი მოკავშირეები ვართ დანიასთან. ჩვენ ვიცავთ დანიას ისევე, როგორც ვიცავთ მსოფლიოს დიდი ნაწილს. ასე, რომ კონცეფცია გაჩნდა და დავთანხმდი. სტრატეგიულად ეს საინტერესოა, მაგრამ ამაზე უნდა ვისაუბროთ", — განაცხადა პრეზიდენტმა. ევროპაში ვიზიტის ფარგლებში ტრამპი დანიას სექტემბერში უნდა ეწვიოს.

დანიის პრემიერ-მინისტრმა, მეტე ფრედერიქსენმა განაცხადა, რომ გრენლანდია არ იყიდება და აშშ-სთვის მისი მიყიდვის იდეა აბსურდულია:

"გრენლანდია დანიის არ არის. გრენლანდია ეკუთვნის გრენლანდიას. იმედი მაქვს, რომ ეს სერიოზულად არ განიხილება".

აშშ-ს პრეზიდენტებს ტერიტორიები აქამდეც უყიდიათ. 1803 წელს ტომას ჯეფერსონმა ლუიზიანას შეთანხმების ფარგლებში საფრანგეთისგან 15 მილიონ დოლარად უზარმაზარი ტერიტორია შეიძინა. დღეს აქ 15-მდე შტატია განლაგებული. 1867 წელს პრეზიდენტმა, ენდრიუ ჯონსონმა 7,2 მილიონ დოლარად რუსეთისგან ალასკა შეიძინა. ვუდრო ვილსონმა კი 1917-ში 25 მილიონ დოლარად დანიის ვესტ-ინდოეთი იყიდა, რომელსაც დღეს აშშ-ის ვირჯინის კუნძულები ეწოდება.