სახელისუფლებო პარტიის მხარდამჭერმა მომღერალმა, მარიკა თხელიძემ აბასთუმანში ტურისტულ სეზონთან დაკავშირებით გამართულ კონცერტზე იმღერა. 13 აგვისტოს გამართულ ღონისძიებაში მასთან ერთად მონაწილეობდნენ პაატა ხაჩიძე და პაატა გულიაშვილი. კონცერტისთვის ბიუჯეტიდან 5 875 ლარი დაიხარჯა.

ადიგენის მერმა, ზაქარია ენდელაძემ On.ge-სთან კონცერტის მონაწილეების შერჩევის კრიტერიუმზე არ ისაუბრა და კულტურის სამსახურის უფროსთან, ზურაბ ბეთხოშვილთან გადაამისამართა. ბეთხოშვილი ამბობს, რომ თავად შემსრულებლებისგან მიიღეს შემოთავაზება და დათანხმდნენ.

"დიდი სიამოვნებით დავთანხმდით [იმიტომ], რომ მნიშვნელოვანი იქნებოდა ჩვენი კურორტის პოპულარიზაციისთვის, კარგი საღამო რომ გამოსულიყო... შემოთავაზება იყო მათგან, ჩვენ არ ჩავრეულვართ, ვინ იმღერებდა ჩვენი პრეროგატივა არ ყოფილა. ვინც შემოგვთავაზეს, იმას დავთანხმდით, ნინიც [ქარსელაძე] რომ ყოფილიყო, იმასაც დავთანხმდებოდით", — განმარტა ბეთხოშვილმა.

კულტურის სამსახურის უფროსის თქმით, მან არ იცის თხელიძის აქტივობები წინასაარჩევნო პერიოდში, თუმცა იცნობს მის შემოქმედებას. ბეთხოშვილი ამბობს, რომ თუ On.ge-ს ჟურნალისტიც თხელიძესავით პოპულარული იქნება, მასაც დათანხმდება რეგიონში კონცერტის გამართვაზე.

სახელისუფლებო პარტიის მხარდამჭერი მომღერლების, ნინი ქარსელაძისა და მარიკა თხელიძის მონაწილეობით კონცერტი დაგეგმილი იყო ბორჯომშიც. ბორჯომის მერმა On.ge-ს უთხრა, რომ "ბორჯომობის" კონცერტზე გამომსვლელი მომღერლები გამოკითხვით შეარჩია და მას და ბორჯომელებს მოსწონთ.