ყოფილი ვიცე-პრემიერისა და ეკონომიკის ყოფილი მინისტრის, დიმიტრი ქუმსიშვილის შვილი დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროში ამბობენ, რომ ის ადმინისტრაციული წესით, პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევისთვის დააკავეს. ინფორმაცია თავდაპირველად რუსთავი 2-მა გაავრცელა.

შსს-ს ცნობით, საპატრულო პოლიციაში შევიდა შეტყობინება, რომ პეტრიაშვილის ქუჩაზე მდებარე რესტორან ღვინის ქარხანა გალერიაში მოხდა ჩხუბი. მათი თქმით, ადგილზე პოლიციის მისვლის შემდეგ გაირკვა, რომ ორ პირს და კერძო დაცვის თანამშრომლებს შელაპარაკება მოუვიდათ, რაც ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა.

"ადგილზე მისულ სამართალდამცველებს ვ.ხ.-მ და ი.ქ.-მ გაუწიეს წინააღმდეგობა. სამართალდამცველების არაერთი მოწოდების მიუხედავად, არ დაემორჩილნენ მათ კანონიერ მოთხოვნას, რის შემდეგაც სამართალდამცველებმა ორივე მათგანი ადმინისტრაციული წესით დააკავეს", — ამბობენ შსს-ში.

მათივე ცნობით, ჩხუბთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს. უწყების ინფორმაციით, ფაქტთან დაკავშირებით მიმდინარეობს აქტიური საგამოძიებო მოქმედებები. მათივე ცნობით, ორივე დაკავებული მოსამართლემ სამართალდამრღვევად ცნო და ადმინისტრაციული სახდელი შეუფარდა.