შერიგების საკითხებში სახელმწიფო მინისტრის განცხადებით, გუგუტიანთკარში დაზარალებული 3 ოჯახი სახელმწიფოსგან დახმარებას მიიღებს. მინისტრის განმარტებით, ლავრენტი გუგუტიშვილისა და გივი რაზმაძის ოჯახებს, რომელთა სახლებიც მავთულხლართებს მიღმა მოექცა, საკუთრებაში გადაეცემათ სახლები და მიწის ნაკვეთები გორში, რომლებშიც ომის შემდგომ ცხოვრობდნენ.

ასევე, ეს ოჯახები მიიღებენ ერთჯერად სოციალურ დახმარებას. ჯანმრთელობის პრობლემების მქონე წევრებს კი სახელმწიფო წამლებით უზრუნველყოფს. მათ უფასოდ შესთავაზებენ პროფესიულ გადამზადებასაც.

რაც შეეხება ამირან გუგუტიშვილის ოჯახს, რომლის სახლი საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზეა, მაგრამ მასზე წვდომა შეზღუდული აქვს, ერთჯერად სოციალურ დახმარებას ჰპირდებიან.

ციხელაშვილის თქმით, შეეცდებიან გაითვალისწინონ დაზარალებულების სურვილი გუგუტიანთკარში მიწების მიღების თაობაზე, რადგან მათ არ სურთ სოფელთან "ბმა დაკარგონ".

გუგუტიანთკარში უკანონო ბორდერიზაციის პროცესი აგვისტოს ომის მე-11 წლისთავზე, 7 აგვისტოს დაიწყო და რამდენიმე დღეში შეწყდა. 15 აგვისტოს საოკუპაციო რეჟიმმა მუშაობა განახლა.

რუსი სამხედროებმა ე.წ. საზღვარი გაავლეს საქართველოს მოქალაქეების, რაზმაძეებისა და გუგუტიშვილების ნაკვეთებში. საოკუპაციო ხაზს მიღმა მოექცა მათი საცხოვრებელი სახლი, ყანები და სავარაუდოდ, წყლის რეზერვუარი. საოკუპაციო რეჟიმმა სამი დღე მისცა ადგილობრივებს, სახლების დასაცლელად. რაზმაძეების ოჯახმა სახლი მთლიანად დაშალა და საშენი მასალა გამოიტანა.