საერთაშორისო მედიის ინფორმაციით, ჰონგ-კონგში დღეს, 18 აგვისტოს გამართულ საპროტესტო აქციაზე დემოკრატიული წყობილების მოთხოვნით 100 000 ადამიანი გავიდა. საპროტესტო აქცია მთავრობის მხრიდან მკაცრი გაფრთხილების მიუხედავად გაიმართა, მაგრამ ძალადობრივი დაშლის გარეშე დასრულდა.

ბოლო ათი კვირაა ჰონგ-კონგში საპროტესტო აქციები პოლიციასთან დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობს. სამართალდამცავები აქციის დასაშლელად ცრემლსადენ გაზსა და რეზინის ტყვიებს იყენებენ.

ერთ-ერთი საპროტესტო აქციის დაშლის დროს აქტივისტმა ქალმა თვალი დაკარგა. ამის გასაპროტესტებლად ათიათასობით მომიტინგემ ჰონგ-კონგის საერთაშორისო აეროპორტი დაიკავა, რის გამოც ფრენები გაუქმდა.

უკვე ორ თვეზე მეტია, სადავო საექსტრადაციო კანონის გამო დაწყებული დემონსტაციები აღარ წყდება. ახალი კანონის თანახმად, დაკავებულ პირს განაჩენს ჩინეთის სასამართლო გამოუტანს, რასაც ჰონგ-კონგელების დიდი ნაწილი არ ეთანხმება. მოგვიანებით აქცია მთავრობის გადადგომის მოთხოვნაში გადაიზარდა. აქციის მონაწილეები სისტემას უსამართლოსა და დაუნდობელს უწოდებენ.

ჰონგ-კონგს დიდი ბრიტანეთის კოლონიის სტატუსი 1997 წელს ჩამოერთვა და ჩინეთის შემადგენლობაში იმ პირობით შევიდა, რომ ფართო ავტონომია ექნებოდა, გარდა თავდაცვითი და საგარეო საკითხებისა, ის დამოუკიდებლად მიიღებდა გადაწყვეტილებებს.

მაშინდელი ლიდერები საზოგადოებას დაჰპირდნენ, რომ ჰონგ-კონგი, მაკაო და შეერთების შემთხვევაში ტაივანი, შეინარჩუნებდა პრინციპს — ერთი ქვეყანა, ორი სისტემა.