კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, სოფელ ტიმოთესუბანში, ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის სამონასტრო კომპლექსზე მორიგი უნებართვო ქმედება გამოვლინდა. სააგენტო თვითმხილველის მიწოდებულ ფოტოებზე დაყრდნობით წერს, რომ ტაძრის ინტერიერში თვითნებურადაა დამონტაჟებული სათავსო, რომელიც ეროვნული კატეგორიის სტატუსის მქონე უძრავი ძეგლის ინტერიერთან სრულ შეუსაბამობაშია და მის კულტურულ ღირებულებას ხელყოფს.

სააგენტოს ინფორმაციით, ეპარქიის მღვდელმთავარი ამბობს, რომ არც მას და არც საპატრიარქოს აღნიშნულ ქმედებაზე ინფორმაცია არ ჰქონდა. მათი თქმით, 20 აგვისტოს ტიმოთესუბანში სააგენტოს წარმომადგენლები ჩავლენ, რომლებიც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე განხორციელებული სამუშაოების ზეგავლების ხარისხს შეისწავლიან და ადგილობრივ სასულიერო პირებს მის დემონტაჟს მოსთხოვენ.

ტიმოთესუბნის ღვთისმშობლის სახელობის მონასტერი XII-XIII საუკუნეების მიჯნაზეა აგებული. ტაძარი ქართული მოვარდისფრო აგურებითაა ნაგები. ფრესკების დიდი ნაწილი დღემდე შენარჩუნებულია. ტაძრის მოხატულობა 1205-1216 წლებით თარიღდება.

რამდენიმე კვირით ადრე სასულიერო პირებმა თვითნებურად აყარეს იატაკი ყინწვისის მონასტერში და მეტლახი დააგეს. მაშინ კულტურული მემკვიდრეობის საგენტო ამბობდა, რომ ამით ისტორიული ძეგლი არ დაზიანებულა.