ფორსაჟის ახალი ნაწილის, Fast and Furious 9-ის გადაღებების გამო დღეიდან 20 სექტემბრამდე ვაჟა-ფშაველას გამზირის ნაწილი ჩაიკეტა. შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, პირველ ეტაპზე დღეს, 18 აგვისტოს 07:00 საათიდან 27 აგვისტოს 18:00 საათამდე ვაჟა-ფშაველას გამზირზე მოძრაობა აიკრძალება იონა ვაკელის ქუჩიდან ვაჟა-ფშაველას ჩიხამდე, ანუ აკადემიკოს ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკიდან მეტროსადგურ დელისამდე.

შესაბამისად, მოძრაობა ცალმხრივად იქნება შესაძლებელი:

  • ნუცუბიძის ქუჩაზე, ბუდაპეშტის ქუჩიდან თავაძის ქუჩამდე მონაკვეთში;
  • თავაძის ქუჩაზე, ნუცუბიძის ქუჩიდან ვაჟა-ფშაველას გამზირის მიმართულებით;

ავტოტრანსპორტის მოძრაობაზე შეზღუდვა იმოქმედებს 24-საათიან რეჟიმში, ხოლო
ქვეითთათვის გადაადგილება შესაძლებელი იქნება 21:00 საათიდან 07:00 საათამდე.

კანდელაკისა და ბუდაპეშტის ქუჩებიდან იონა ვაკელის ქუჩისკენ მოძრაობა დაშვებული იქნება სასწრაფო სამედიცინო დახმარებისა და სახანძრო-სამაშველო ბრიგადების სატრანსპორტო საშუალებებისთვის.

ავტოტრანსპორტის მოძრაობას 10 საპატრულო ეკიპაჟი არეგულირებს, რომლებიც შემდეგ ლოკაციებზე არიან განთავსებული: ვაჟა ფშაველას გამზირის და იონა ვაკელის ქუჩის კვეთა; კანდელაკის და ბუდაპეშტის ქუჩების კვეთა; ნუცუბიძის ქუჩა; ნუცუბიძის და ასათიანის ქუჩების კვეთა; ვაჟა ფშაველას გამზირი (დელისი); ყაზბეგის გამზირისა და ასათიანის ქუჩის კვეთა; ყაზბეგის გამზირისა და იოანე ვაკელის ქუჩის გზაჯვარედინზე.

პროგრამის გადაიღე საქართველოში ფარგლებში ჰოლივუდის ფილმს ფორსაჟი 9-ს 10-წუთიან მონაკვეთს საქართველოში გადაიღებენ. ფილმის საქართველოში გადაღება ჰოლივუდის მაღალი რანგის წარმომადგენლების ვიზიტის დროს გადაწყდა. საქართველოში ჰოლივუდური ფილმის გადაღებისთვის მაქსიმუმ 31,4 მილიონი ლარი (31 358 162 ლარი) უნდა დაიხარჯოს. ამის შესახებ მთავრობის განკარგულებაში წერია, რომელსაც ხელს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე აწერს. განკარგულება 10 ივლისით თარიღდება.პროფესიული საჰაერო ფოტო და ვიდეო გადაღების წარმოების მიზნით, უცხოურმა ოპერატორმა, XM2 UK LIMITED-მა სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ დადგენილი წესების შესაბამისად, უპილოტო საჰაერო ხომალდების სავალდებულო რეგისტრაციის პროცესი გაიარა და გადაღებებისთვის საქართველოში 8 უპილოტო საჰაერო ხომალდიც დარეგისტრირდა.