სოფელ არცევის მიმდებარე ტერიტორიიდან საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე გაიტაცეს. ინფორმაციას ადასტურებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური.

უწყების ინფორმაციით, ე.წ. მესაზღვრეების მიერ დაკავებული პირი ცხინვალის იზოლატორშია გადაყვანილი. სუს-ში აცხადებენ, რომ ამოქმედებულია ცხელი ხაზი და ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია.

გუშინ, 17 აგვისტოს ე.წ. მესაზღვრეებმა საქართველოს კიდევ შვიდი მოქალაქე გაიტაცეს. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, რომ გუგუტიანთკარში მიმდინარე უკანონო ბორდერიზაციის ფონზე საოკუპაციო ხაზის მიმდებარე ტერიტორიიდან ადგილობრივის გატაცება ქვეყანაში დესტაბილიზაციის მცდელობაა.

უკვე რამდენიმე დღეა, რაც სოფელ გუგუტიანთკარში რუსი სამხედროები უკანონოდ ავლებენ ე.წ. საზღვარს. შედეგად ადგილობრივების სახლები, მიწის ნაკვეთები და სავარაუდოდ, წყლის რეზერვუარიც საქართველოს არაკონტროლირებად მხარეს რჩება.