საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭო აცხადებს, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს დისკრიმინაციული გადაწყვეტილება, რომლის გამოც ონლაინმედიის ჟურნალისტები გუგუტიანთკარში გასაშუქებლად არ შეუშვეს გაუგებარი და დაუსაბუთებელია. საბჭო აცხადებს, რომ არ შეიძლება ჟურნალისტების დაყოფა იმის მიხედვით, თუ რა პლატფორმით ავრცელებენ ისინი ინფორმაციას.

"ონლაინგამოცემები, ტელემედიის მსგავსად, საზოგადოების ინფორმირებისთვის მუშაობენ და ხშირად პირველები სწორედ ისინი ავრცლეებენ ამბებს. ამასთან საგულისხმოა, რომ საქართველოში იმ პირთა რიცხვი ვინც ინფორმაციას ონლაინ მედიით იღებს ყოველწიურად იზრდება", — წერია განცხადებაში.

ქარტიაში აღნიშნავენ იმასაც, რომ ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა ონლაინმედიის ჟურნალისტებს არათანაბარ პირობებში უწევთ მუშაობა. ამიტომ, ქარტია მოუწოდებს ყველა სამთავრობოს უწყებას, დანერგოს ჟურნალისტთა აკრედიტაციის ისეთი წესები, რომელიც დისკრიმინაციულ მდგომარეობაში არ ჩააყენებს მედიის გარკვეულ კატეგორიას. ასევე, შეიმუშავოს ღონისძიებებსა თუ სხვადასხვა ტერიტორიაზე ჟურნალისტთა დაშვების გამჭვირვალე და სამართლიანი კრიტერიუმები, რომლებიც ყველა პლატფორმის წარმომადგენელს თავისუფლად მუშაობის საშუალებას მისცემს.

16 აგვისტოს, როდესაც დიპლომატიური კორპუსი სოფელ გუგუტიანთკარში საოკუპაციო ძალების მიერ ე.წ. საზღვრის ცვლილების სანახავად ჩავიდა, ონლაინმედიის წარმომადგენლებს მუშაობის საშუალება არ მიეცათ. ტეროტორიაზე მხოლოდ მაუწყებლები და საერთაშორისო მედია დაუშვეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლებმა On.ge-ს განუცხადეს, რომ მედიის წარმომადგენლის დაშვების შემთხვევაში "უსაფრთხოების კონტროლი გართულდებოდა".