საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის თავჯდომარე, გიორგი მშვენიერაძე საკონსტიტუციო სასამართლოში ახალი თავჯდომარის არჩევის საკითხს ეხმაურება და ამბობს, რომ კანონი აძლევს მოსამართლეებს უფლებას, 2 კვირის ვადა გამოიყენონ იმისთვის, რომ შეარჩიონ საკუთარი კანდიდატი და ის წარუდგინონ პლენუმს:

"რატომ შეიძლება ჩქარობდეს სასამართლო მსგავსი გადაწყვეტილების მიღებას, არგუმენტები განსხვავებული ჰქონდეს, როგორც თავად სასამართლოს, იურიდიულ წრეებში მომუშავე ადამიანებს, ასევე პოლიტიკოსებს. ფაქტი ერთია, რომ საკონსტიტუციო სასამართლომ, 3 ოქტომბერს გავრცელებული განცხადებით, რომელიც შეიძლება შეეხებოდა 6 ოქტომბერს დანიშნული და ჩასატარებელი დღის წესრიგს მიუთითა, რომ ისინი აპირებდნენ პლენუმის სხდომაზე გადაეწყვიტათ, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატების დასახელების და არჩევის საკითხები, რაც ბუნებრივია, ავტომატურად გამოიწვევდა საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ ორგანული კანონით გათვალისწინებული ორკვირიანი ვადის გამოყენების უფლების შეზღუდვას სასამართლოს იმ მოსამართლეებისთვის, რომლებიც მონაწილეობას მიიღებდნენ ამ სხდომაში".

მშვენიერაძე ამბობს, რომ კვორუმის საკითხებზე კანონებს საკონსტიტუციო სასამართლოს რეგლამენტი ადგენს, სადაც წერია, რომ პლენუმი უფლებამოსილია მსგავს საკითხზე, თუ მას 6 წევრი ესწრება:

"თქვენ ალბათ დააკვირდებოდით, სასამართლოს მიერ გავრცელებულ განცხადებას, სადაც საუბარი იმაზე არაა, რომ პლენუმის სხდომა ჩატარდა, არამედ საუბარია იმაზე, რომ მოსამართლეებმა იმსჯელეს. ბუნებრივია, 5 მოსამართლესაც შეუძლია შეიკრიბოს და გამოხატოს საკითხებზე მოსაზრებები, მაგრამ მას პლენუმის სხდომას ვერ ვუწოდებთ, რადგან ამისთვის 6 მოსამართლის მონაწილეობაა საჭირო. დღევანდელი გადაწყვეტილება მაინც, მე ვფიქრობ, რომ სწორი ნაბიჯია, რომ სასამართლომ არ დაარღვია რეგლამენტი, კანონი და არ მიიღო უკანონო გადაწყვეტილება, რაც ლეგიტიმაციას დაუკარგავდა, როგორც ახლად არჩეულ საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეს, ასევე სხვა პირებსაც".

საკონსტიტუციო სასამართლოს ახალი თავჯდომარის არჩევა საჭირო მას შემდეგ გახდა, რაც 30 სექტემბერს გიორგი პაპუაშვილს უფლება-მოსილების ვადა ამოეწურა. დღეს სასამართლოს პლენუმმა საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატურაზე ჩამოსაყალიბებლად დამატებითი დრო ითხოვა და სასამართლოს ახალი თავჯდომარის არჩევა გადაიდო.