ლიეტუვას საგარეო საქმეთა მინისტრი ლინას ლინკევიჩიუსი გუგუტიანთკარში მიმდინარე მოვლენებს გამოეხმაურა და განაცხადა, რომ რუსეთმა უკანონო ქმედებები უნდა შეწყვიტოს. ამის შესახებ მან ტვიტერის ანგარიშზე დაწერა.

"შეშფოთებული ვარ საქართველოს სოფელ გუგუტიანთკარში "ბორდერიზაციის" პროცესის განახლების გამო. პროცესი ცხინვალის ე.წ. ხელისუფლებამ დაიწყო, რომელსაც რუსეთი უჭერს მხარს. ეს აუარესებს უსაფრთხოების საკითხებს, აფერხებს ადამიანურ ურთიერთობებს და ქმნის არასტაბილურ გარემოს. რუსეთმა უნდა შეაჩეროს უკანონო ქმედებები", — წერს ლინკევიჩუსი.

გუგუტიანთკარში უკანონო ბორდერიზაციის პროცესი აგვისტოს ომის მე-11 წლისთავზე, 7 აგვისტოს დაიწყო და რამდენიმე დღეში შეწყდა.15 აგვისტოს საოკუპაციო რეჟიმმა მუშაობა განახლა.

რუსი სამხედროები ძელებს არჭობენ საქართველოს მოქალაქეების, რაზმაძეებისა და გუგუტიშვილების ნაკვეთებში. ე.წ. საზღვარს მიღმა ექცევა მათი საცხოვრებელი სახლი, ყანები და წყლის რეზერვუარი. საოკუპაციო რეჟიმმა სამი დღე მისცა ადგილობრივებს, სახლების დასაცლელად. ისინი სახლს მთლიანად შლიან და საშენი მასალა გამოაქვთ.

მომხდარს უკვე გამოეხმაურა საერთაშორისო თანამეგობრობა და რუსეთს უკანონო ქმედებების შეწყვეტისკენ მოუწოდა. გუგუტიანთკარში იმყოფებდონენ საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებიც და ადგილზე გაეცნენ ვითარებას.

საერთაშორისო გამოხმაურება გუგუტიანთკარზე: