აქცია სირცხვილიას მონაწილეები გორის მერიასთან შეიკრიბენ და მერის, კონსტანტინე თავზარაშვილის განცხადებას აპროტესტებენ. თავზარაშვილმა თქვა, რომ სოფელ გუგუტიანთკარში, სადაც უკანონო ბორდერიზაციის პროცესი მიმდინარეობს, შვებულების შემდეგ ჩავა.

აქტივისტებს თან აქვთ პლაკატები: "რა დროს დასვენებაა, ხალხი ყოველდღე სახლს კარგავს", "გონიოში ოკუპაციას ვერ გრძნობთ", "სირცხვილია" და "რუსეთი ოკუპანტია".

ფოტო: თამუნა გეგიძე / On.ge

სირცხვილიას მონაწილეები მანამდე სოფელ მეტეთის საგუშაგოსთან იყვნენ და გუგუტიანთკარში შესვლას ცდილობდნენ, თუმცა შსს-მ მათ ამის უფლება არ მისცა.

გუგუტიანთკარში უკანონო ბორდერიზაციის პროცესი აგვისტოს ომის მე-11 წლისთავზე, 7 აგვისტოს დაიწყო და რამდენიმე დღეში შეწყდა.15 აგვისტოს საოკუპაციო რეჟიმმა მუშაობა განახლა.

რუსი სამხედროები ძელებს არჭობენ საქართველოს მოქალაქეების, რაზმაძეებისა და გუგუტიშვილების ნაკვეთებში. ე.წ. საზღვარს მიღმა ექცევა მათი საცხოვრებელი სახლი, ყანები და წყლის რეზერვუარი. საოკუპაციო რეჟიმმა სამი დღე მისცა ადგილობრივებს, სახლების დასაცლელად. ისინი სახლს მთლიანად შლიან და საშენი მასალა გამოაქვთ.

მომხდარს უკვე გამოეხმაურა საერთაშორისო თანამეგობრობა და რუსეთს უკანონო ქმედებების შეწყვეტისკენ მოუწოდა. გუგუტიანთკარში იმყოფებდონენ საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებიც და ადგილზე გაეცნენ ვითარებას.