ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მოვალეობის შემსრულებელი, ელიზაბეთ რუდი გუგუტიანთკარში ოკუპანტების მიერ ე.წ. საზღვრის უკანონო გავლებას გამოეხმაურა. მისი თქმით, ეს ძალიან ნეგატიური განვითარებაა, რომელიც ზიანს აყენებს რეგიონში უსაფრთხოებას და ხალხს ერთმანეთისგან ჰყოფს.

"ჩვენ კვლავ მოვუწოდებთ რუსეთს ე.წ. ბორდერიზაციის შეწყვეტისკენ და კვლავ მოვუწოდებთ, შეასრულოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება. გაიყვანოს თავისი ჯარები საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან", — ამბობს ელჩის მოვალეობის შემსრულებელი.

15 აგვისტოს გორის მუნიციპალიტეტის სოფელ გუგუტიანთკარში საოკუპაციო რეჟიმმა ე.წ. საზღვრის გავლების უკანონო პროცესი განაახლა. საქართველოს მოქალაქეების, რაზმაძეებისა და გუგუტიშვილების ნაკვეთებში რუსი სამხედროები ძელებს არჭობდნენ. ეს ოჯახები სწორედ ამ მიწის ნაკვეთებს ამუშავებდნენ და მოსავალი მოჰყავდათ. შესაძლოა, ოკუპირებულ ტერიტორიაზე მოხვდეს სოფლის მთავარი სარწყავი არხიც. შედეგად, ადგილობრივები წყლის გარეშე დარჩებიან. გორის საკრებულოს წარმომადგენელმა თქვა, რომ ამ საკითხზე რუს სამხედროებს ესაუბრა, რომლებმაც უთხრეს, რომ წყლის რეზერვუარს საქართველოს არაკონტროლირებად ტერიტორიაზე არ მოაქცევდნენ.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში On.ge-ს უთხრეს, რომ ორჯერ გაააქტიურეს ცხელი ხაზი, ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია. ამავე სოფელში მავთულხლართების გაბმა დაიწყეს 7 აგვისტოსაც, მოგვიანებით კი სამუშაოები შეწყდა, ოთხი დღის შემდეგ კი ისევ განახლდა.