ე.წ. ციანიდის საქმეზე მსჯავრდებულის დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატებმა პრეზიდენტს შეწყალების თხოვნით მიმართეს. მათი თქმით, დეკანოზს მძიმე ჯანმრთელობის მდგომარეობა აქვს.

"სამედიცინო პერსონალის და პროფესიონალების პირდაპირი კონსულტაციების შემდგომ რჩევა და მითითება იყო, რომ შეუძლებელია მისი სრულყოფილი გამოჯანმრთელება პატიმრობაში ყოფნის პირობებში", — აღნიშნა დეკანოზის ადვოკატმა, გიორგი ფანცულაიამ აჭარის ტელევიზიასთან საუბრისას.

გიორგი მამალაძის ოჯახმა შეწყალების თხოვნით პრეზიდენტობის დროს გიორგი მარგველაშვილსაც მიმართა. დეკანოზის ძმამ, თორნიკე მამალაძემ ითხოვა, რომ პატრიარქ ილია მეორეს პრეზიდენტისთვის დეკანოზის შეწყალებით მიემართა.

საპასუხო განცხადებაში საპატრიარქომ აღნიშნა, რომ დეკანოზ გიორგი მამალაძის შეწყალებაზე შუამავლობას იმ შემთხვევაში აღძრავენ, თუ სასულიერო პირი ბრალს აღიარებს. საპატრიარქო განმარტავს, რომ შეწყალების შუამდგომლობით მხოლოდ იმ შემთხვევაში მიმართავს, თუ მსჯავრდებული დანაშაულს აღიარებს და ინანიებს.

ციანიდის საქმე

დეკანოზი გიორგი მამალაძე 2017 წლის 10 თებერვალს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დააკავეს. დეკანოზის დაკავების შესახებ ინფორმაცია პროკურატურამ 13 თებერვალს გაავრცელა. მას პატრიარქის მდივან-რეფერენტის, შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მომზადება ედება ბრალად. შორენა თეთრუაშვილი, ილია მეორესთან ერთად, აღნიშნულ პერიოდში ბერლინში იყო, სადაც პატრიარქი მკურნალობდა.

დეკანოზი გიორგი მამალაძე სასამართლომ დამნაშავედ სცნო და მას შორენა თეთრუაშვილის განზრახ მკვლელობის მომზადებისა და იარაღის უკანონო შენახვა-ტარებისთვის ცხრაწლიანი პატიმრობა მიუსაჯა.

2018 წლის 13 თებერვალს თბილისის სააპელაციო სასამართლომ დეკანოზ გიორგი მამალაძის მიმართ გამოტანილი განაჩენი ძალაში დატოვა, უზენაესმა სასამართლომ კი დაუშვებლად სცნო.