აქცია #სირცხვილიას მონაწილეები შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებმა სოფელ გუგუტიანთკართან არ მიუშვა. ამავე სოფელში ოკუპანტებმა ადგილობრივების ნაკვეთები გადაღობეს, ზოგიერთი მაცხოვრებლის სახლი და საკარმიდამო კი ოკუპირებულ ტერიტორიაზე მოექცა. აქციის მონაწილეები, რომლებიც თითქმის ორი თვეა თბილისში, პარლამენტის წინ პროტესტს გამოხატავენ, ოკუპაციის გასაპროტესტებლად გუგუტიანთკარში წავიდნენ. პოლიციამ მათ გზა გადაუკეტა მერეთის საგუშაგოსთან. მანამდე აქციის მონაწილეები სოფელ არბოსთან მივიდნენ და იქედან სცადეს გუგუტიანთკარში შესვლა. პოლიციამ მათ განუმარტა, რომ მხოლოდ შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურთან შეთანხმებით შეძლებდნენ შესვლას, თუმცა მათგან პასუხი აღარ მიუღიათ.

ფოტო: თამუნა გეგიძე / On.ge

ფოტო: თამუნა გეგიძე / On.ge

ფოტო: თამუნა გეგიძე / On.ge

გუგუტიანთკარში უკანონო ბორდერიზაციის პროცესი აგვისტოს ომის მე-11 წლისთავზე, 7 აგვისტოს დაიწყო და რამდენიმე დღეში შეწყდა.15 აგვისტოს საოკუპაციო რეჟიმმა მუშაობა განახლა.

რუსი სამხედროები ძელებს არჭობენ საქართველოს მოქალაქეების, რაზმაძეებისა და გუგუტიშვილების ნაკვეთებში. ე.წ. საზღვარს მიღმა ექცევა მათი საცხოვრებელი სახლი, ყანები და წყლის რეზერვუარი. საოკუპაციო რეჟიმმა სამი დღე მისცა ადგილობრივებს, სახლების დასაცლელად. ისინი სახლს მთლიანად შლიან და საშენი მასალა გამოაქვთ.

მომხდარს უკვე გამოეხმაურა საერთაშორისო თანამეგობრობა და რუსეთს უკანონო ქმედებების შეწყვეტისკენ მოუწოდა. გუგუტიანთკარში იმყოფებდონენ საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებიც და ადგილზე გაეცნენ ვითარებას.